15 მარტს საქართველოში კორონავირუსის Astrazeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა გაკეთდება.
დილის 08:45 საათზე პირდაპირ ეთერში ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე. საჯაროდ ვაქცინას გაიკეთებენ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დავით გადელია და პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10:00 საათზე აიცრებიან ექიმები ზაზა კაციტაძე, ლევან ვაშაკიძე და ლევან გოფოძე. ასევე 10:00 საათზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ვაქცინას გაიკეთებს ექიმი პედიატრი ივანე ჩხაიძე.
11:00 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში აიცრება ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე, 12:30 საათზე ინფექციურში ექიმი გუგა ქაშიბაძე.
შეგახსენებთ, რომ 13 მარტს საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა და მისი განაწილება ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ ასაცრელ პუნქტებში უკვე მოხდა.