რა ვიცით Astrazeneca-ს ვაქცინაზე

2021-03-13 18:50:54

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო  Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა უკვე შემოტანილია.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია მოხდება და მათი აცრა ქვეყანაში ორშაბათიდან დაიწყება.

საინტერესოა სად შეიქმნა AstraZeneca-ს ვაქცინა, რამდენად ეფექტურია, როგორც მუშაობს და აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები.

AstraZeneca ბრიტანულ-შვედური საერთაშორსო ფარმაცევტული კომპანიაა. ვაქცინა კომპანიისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა. ის ევროპის წამლის სააგენტომ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიო მასშტაბით ჩატრებული კლინიკური კვლევის შემდეგ დაამტკიცა. კვლევაში მონაწილეობა 23 000-მა ადამიანმა მიიღო. ვაქცინის დამზადება მოდიფიცირებული ადენოვირუსისგან მოხდა, რომელიც SARS-CoV-2-ის გენს შეიცავს. სწორედ SARS-CoV-2 არის კორონავირუსის გამომწვევი ვირუსი.

კვლევების მიხედვით ასტრაზენეკას ვაქცინის ეფექტური მუშაობისთვის ორი დოზის გაკეთებაა საჭირო.

თუმცა ვაქცინის ერთი დოზასაც კი მაღალი დამცველობაა აქვს, 80%-ით ამცირებს დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის შანსებს.

ერთხელ აცრის შემდეგ, ვაქცინა იმუნურ სისტემას ასწავლის, როგორ უნდა ებრძოლოს ორგანიზმში მოხვედრილ ნამდვილ ვირუსს.

მის შესანახად, Pfizer-სგან განსხვავებით, რომელსაც -70 გრადუსზე შენახვა სჭირდება, სპეციალიზებული მაცივრები არაა საჭირო, რაც მის დისტრიბუციას სხვადასხვა ქვეყანაში უფრო აადვილებს.

რამდენიმე კვირის წინ გერმანიასა და საფრანგეთში AstraZeneca-ს ვაქცინით 65 წელს გადაცილებულების აცრა აიკრძალა. თუმცა ორივე ქვეყანამ ეს აკრძალვა მალევე გააუქმა და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა.

იყო ეჭვები, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა შესაძლოა თრომბოემბოლიზმის წარმოქმნის რისკებს ზრდიდეს, თუმცა ევროკავშირის წამლების მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, რომ სისხლში კოლტების წარმოქმნა ვაქცინაციასთან არანაირ კავშირში არაა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

რამდენი ხნით იცავს იმუნურ სისტემას Astrazeneca-ს ვაქცინა?

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს იცავს ორგანიზმს Astrazeneca-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის ვაქცინა. თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუკი კოვიდგადატანილ პირს 6 თვის განმავლობაში იმუნური დაცულობაა აქვს, ვაქცინაციის შემთხვევაში ერთი წლით დაიცავს ინფიცირებისგან.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით კორონავირუსის ვაქცინა მსოფლიოს მასშტაბით 121 ქვეყანაში 345 მილიონმა ადამიანმა გაიკეთა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები