"ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას"

2021-03-13 13:06:48

ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და სწორედ, ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას, რაც არის კოვიდპანდემია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან ექიმებს მოუწოდა, ორშაბათიდან, როცა ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყება, საზოგადოებას მაგალითი მისცენ.

„დღეს, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია დღეა - სრულიად ახალი ეტაპი პანდემიასთან ბრძოლის. მოგეხსენებათ, პანდემიის დამარცხების გზა გადის ვაქცინაციაზე, ამიტომ ამ პროცესის კარგად, სწორად წარმართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. ყველას გთხოვთ, მასმედიას, მაქსიმალურად დაუდგეთ ჩვენს ექიმებს გვერდში, რომ რაც შეიძლება მეტი მოსახლეობა აიცრას, ანუ 60%-ია ჩვენი სამიზნე. დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა, რომელიც ავტორიზიებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეს ავტორიზაცია ნიშნავს, რომ გახლავთ ყველაზე ერთ-ერთი მაღალი ხარისხის, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის უმაღლესი თამასა ვაქცინის ხარისხისა.

„კოვაქსის“ საშუალებით პირველი პარტია - 43 200 დოზა მივიღეთ, მეორე პარტია, რომელიც შემოვა აპრილის მეორე ნახევარში, დაახლოებით, 86 000 დოზა იქნება. პირველ ეტაპზე, ჩვენი ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, აიცრებიან ყველაზე მაღალი პრიორიტეტის ჯგუფი, ესენი არიან ჩვენი კოლეგები, სამედიცინო, ჯანდაცვის მუშაკები, ექიმები, ექთმები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, დამხმარე პერსონალი, ვინც დასაქმებულია ჯანდაცვის სექტორში, რადგან ისინი არიან კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე. მოვუწოდებ, ჩვენს კოლეგებს, ორშაბათიდან, როცა ვაქცინაცია დაიწყება, მისცენ მაგალითი მთლიანად საზოგადოებას ამ ყველაზე დიდი სიკეთის შესახებ, რაც კი საზოგადოებას ამ 200 წლის განმავლობაში მოუგონია. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და სწორედ, ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას, რაც არის კოვიდპანდემია. ამიტომ, გთხოვთ, ყველა ვიყოთ სოლიდარული, მობილიზებული, რომ ეს პროცესი ქვეყანაში კარგად წარიმართოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ორშაბათს ვაქცინაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით 29 ცენტრში დაიწყება, 17 მარტს 35 დაწესებულება დაემატება, 19 მარტს კი - 23. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე აცრილი ადამიანების რევაქცინაციისთვის აპრილში 86 ათასი დოზა ვაქცინა შემოვა.

„ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინაციისთვის მზადაა 82 ამცრელი ცენტრი. პირველ ეტაპზე, ორშაბათიდან აცრა დაიწყება 29 ცენტრში, ეს არის თბილისის და ყველა რეგიონალურ ცენტრებში გამოყოფილი შესაბამისი ამცრელი კაბინეტები, რომელთაც დიდი გამოცილება აქვთ იმუნიზაციის პროცეში მონაწილეობის. თბილისში იქნება ასეთი 10, ქუთაისში - 4, ბათუმში - 4, რუსთავში - 2, ზუგდიდში - 2 და ყველა რეგიონალურ ცენტრში იქნება თითო-თითო. 17 მარტს ამას დაემატება კიდევ 35-მდე დაწესებულება, შემდეგ 19 მარტს კიდევ 23. ერთი კვირის განმავლობაში აცრის პროცესი გაიშლება ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში, ანუ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იქნება მაქსიმალური, რათა მოკლე ვადებში მოხდეს იმ 43 ათასი დოზის ადმინისტრირება, რომელიც დღესაა შემოსული, რამეთუ ეს ვაქცინა კეთდება ორჯერადად. მეორე აცრა, რევაქცინაცია იქნება 8-დან 12 კვირის ფარგლებში და ამისთვის შესაბამისი დადატურება 86 ათასი დოზა ვაქცინა შემოვა აპრილის მეორე ნახევარში, იგივე „ასტრაზენეკა“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ზაფხულში ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია იქნება. 

„ჩვენი გეგმის მიხედვით, წელს ქვეყანაში უნდა აიცრას მილიონ 700 ათასი ადამიანი ორჯერადად. ანუ, ეს დაახლოებით არის 3 მლნ 400 ათსი დოზა, თავისი გარკვეული დანაკარგით, ჩვენ ვანგარიშობთ 3 მლნ 900 ათას დოზას, რომლის მობილიზაციაც ქვეყანაში გაკეთდება წელს.

გარანტირებულია მილიონ 400 ათასი დოზა „კოვაქსიდან“ , რომლითაც შემოვიდა პირველი ვაქცინა და დარწმუნებული ვარ, ბევრი კონტრაქტი აქვს მთავრობას, რომლის მიხედვითაც, თანდათანობით ეს დოზები გაიზრდება და ზაფხულში გვექნება მასობრივი იმუნიზაცია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გვერდში დგომისთვის“, - აცხადებს გამყრელიძე.