დეპუტატები და მერი "რუსთავის წყალს" შეხვდნენ

2021-03-12 20:04:01

რუსთავის მერიაში, კომპანია "რუსთავის წყლის" წარმომადგენლებს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე და პარლამენტში რუსთაველი დეპუტატი ალექსანდრე დალაქიშვილი შეხვდნენ.

ძირითადი საკითხები, რაც შეხვედრაზე იქნა განხილული, ბოლო დროს რუსთავში წყალმომარაგების ხშირი შეწყვეტა და სასმელი წყლის ხარისხი იყო.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, კომპანიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რუსთავში წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების ერთობლივ აღმოფხვრაზე. 

"რუსთავში ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე გათიშვა იყო და მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა ამას.  შევხვდით წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელს და უშუალოდ მათგან მოვისმინეთ, რა პრობლემებთან გვქონდა საქმე და შეიძლება თუ არა აღნიშნულ შეფერხებებს განმეორებით ჰქონდეს ადგილი, ასევე, როგორ შეიძლება, ერთობლივად ამ პრობლემების მოგვარება.

მათი მხრიდან იყო გაჟღერებული, რომ იმ ცენტრალურ მილზე, რომელზეც ხშირად არის ავარიები, დაიწყება გარკვეული ტიპის სამუშაოები და სხვა შეხვედრებზე გვექნება დეტალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.

ასევე, მქონდა როგორც მაჟორიტარს კითხვები, რამდენად ხარისხიანია რუსთავში სასმელი წყალი და მალე ვაპირებთ გასვლით შეხვედრასაც ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც მივიღებთ უფრო მეტ ინფორმაციას", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც კომპანია "რუსთავის წყლის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბაბუხატიამ აღნიშნა, რუსთავში მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მოედინება. ბაბუხატიამ ასევე განაცხადა, რომ  2017 წელთან შედარებით, 2020 წელს ავარიული შემთხვევების რაოდენობა 3-ჯერ შემცირდა.

"რუსთავში არის ძალიან მაღალი ხარისხის წყალი, რომელიც მოდის ხრამის სათავე ნაგებობებიდან. ჩვენ მონიტორინგს 24 საათის განმავლობაში ვაკეთებთ და ვიძლევით გარანტიას, რომ რუსთავში წყალს არანაირი პრობლემა არ აქვს.

2017-2020 წლებში, ჯამში, მთლიანი ქსელის 15%-ზე მეტი შეიცვალა და განახლდა. ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკა, რაც შემიძლია გაგაცნოთ არის ის, რომ ქსელის ამ 15%-ის გამოცვლით, რუსთავში 2017 წელთან შედარებით, 2020 წელს გამესამედებულია ავარიების რაოდენობა.

გვინდა, რომ სამომავლოდ მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება იმ მონაკვეთებს, სადაც შესაძლოა თვითონ მილი არ იყოს დაზიანებული, მაგრამ მეწყრული გრუნტის გამო, მომატებულია საფრთხის რისკი და იქ გვინდა დამატებითი გამაგრებითი სამუშაოების წარმოება", - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ აღნიშნა, შემუშავდება გეგმა, რომელიც ავარიულ სიტუაციებში ალტერნატიული საშუალებების არსებობას გაითვალისწინებს.

"წარმოდგება კონკრეტული გეგმა, შემუშავდება პროექტი, რომელიც გაითვალისწინებს ალტერნატივას და ყველაზე ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიძლება წყალმომარაგება შეიზღუდოს 6-დან 12 საათამდე და არ იყოს 24 საათიანი წყლის შეფერხება ქალაქში", - განაცხადა ტაბაღუამ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები