შვილმა დედას ესროლა და ადგილიდან მიიმალა

2021-03-12 14:25:33

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დედის მკვლელობის მცდელობისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულმა მოკვლის მიზნით, ორლულიანი თოფის გამოყენებით, ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად, დედას სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ო.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 29 იანვარს, ქ.სენაკში ო.ბ.-მ გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის მიზნით, ორლულიანი თოფის გამოყენებით, ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად, დედას რ.თ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად რ.თ-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

ო.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109 მუხლის მე-2 ნაწილის “დ1” და “ვ” ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ ო.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.