"აგვიხსენით წყალმომარაგების ხშირი შეზღუდვის მიზეზი"

2021-03-11 15:54:22

რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმა კომპანია "რუსთავის წყალს" ოფიციალური წერილით მიმართეს, სადაც სხვადასხვა კითხვაზე პასუხის გაცემას და კომპანიის მხრიდან წყალმომარაგების ხშირად შეზღუდვის მიზეზის ახსნას ითხოვენ.

"მოსახლეობამ სოციალურ ქსელში გამოხატა უკმაყოფილობა რუსთავის წყალთან დაკავშირებით. ჩვენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას მოგვამრთეს იგივე შინაასიის პრობლემით. პრობლემა  მდგომარეობს იმაში, რომ ამ ორიოდე დღის წინ, ავარიის გამო, ახალ რუსთავს შეუწყდა სასმელი წყლის მიწოდება და აღდგენითი სამუშაოები თითქმის 2 დღე გაგრძელდა. ჩვენ,  "რუსთავის სამოქალაქო ერთობამ", არასამთავრობო ორგანიზაციამ "ქალის უფლება" და მოქალაქეებმა შევიმუშავეთ ერთობლივი მიმართვა GWP-ის მიმართ, სადაც ვითხოვთ:    

1. საქართველოს მთავრობასა და აღნიშნულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლს.   

2. გახშირებული ავარიების მიზეზის ახსნას.

3. წყლის ხარისხის შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენას.    

4. მაღალ სართულებზე წყლის არ მიწოდების მიზეზის ახსნას.

5. ხრამი წყალსაცავის ტერიტორიის დათვალიერებას.

6. სატენდერო პირობებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;  

ველით პასუხს კომპანიისგან. ჩვენ ვდგამთ პირველ ნაბიჯს კონსტრუქციულად და იმედს ვიტოვებთ კომპანიაც პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ საკითხს და ადეკვატურ ნაბიჯს გადმოდგამს", - აცხადებს რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ტყემალაძე.

სოციალურ ქსელში ასევე შეიქმნა პეტიცია სახელით “რუსთავწყალი მოაშორეთ რუსთავს”, რომელსაც უკვე ორასამდე ხელმომწერი ჰყავს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები