"დახმარების პაკეტით სარგებელს მიიღებს 500 შემოქმედი"

2021-03-10 13:38:44

თბილისის მერის გადაწყვეტილებით ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზიანისთვის დახმარებას მიიღებს.

კახი კალაძის განცხადებით, მერიიდან საერთო ჯამში 2 მილიონიან დახმარებას 500 შემოქმედი მიიღებს.

„მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, სექტორში ჩართულ ადამიანებთან გვქონდა კომუნიკაცია, ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა. ანდრია ბასილაია აწარმოებდა მოლაპარაკებებს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათაც შევთავაზოთ დახმარების პაკეტი, რომელიც თანხობრივად 2 მილიონი ლარი იქნება და ამ დახმარების პაკეტით სარგებელს მიიღებს ამ მიმართულებით დასაქმებული, მინიმუმ, 500 შემოქმედი. აქ საუბარია დიჯეებზე, ზოგადად, ამ დარგში მომუშავე ადამიანებზე",- განაცხადა კალაძემ.

ფინანსური დახმარების პაკეტით 50-ზე მეტი ორგანიზაცია, პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებს;

გარდა ამისა, ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხის სრულად და ნაწილობრივ მხარდაჭერა;

სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე დადგენილი კომუნალური გადასახადების მხარდაჭერა იქნება;

ასევე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დაიწყება ზაფხულის პერიოდში უსაფრთხო აღდგენის შესაბამისი სამუშაოების გაწევა.