მოსამართლის საბოლოო განაჩენი შაქარაშვილის საქმეზე

2021-03-09 15:57:02

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

საქმეში ფიგურანტ 3 სრულწლოვან ბრალდებულს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს, მოსამართლემ 16-16 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხოლო 2 არასრულწლოვნის საქმეზე, რომლებიც ასევე დამნაშავედ ცნეს, განაჩენს მოსამართლე 16 მარტს გამოაცხადებს.

განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულის ოჯახის წევრებისა და ახლობლების გაღიზიანება მოჰყვა. მათი განცხადებით, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა და ბრძოლის ზემდგომ ინსტანციებში, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში, აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 18 ივნისს დაბადების დღეზე მყოფი ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. 22 ივნის კი 19 წლის ბიჭი მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. შაქარაშვილის გაუჩინარებას წინ ახალგაზრდებს შორის წვეულებაზე მომხდარი დაპირისპირება უძღოდა. ჩხუბში მონაწილე ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილმა აგარაკი 5 პირთან ერთად მათ მოსვლამდე დატოვა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული 6 პირი თავს დაესხა, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.