რა ანაზღაურება ექნებათ გერმანიაში დასაქმებულ ქართველებს

2021-03-08 12:01:19

გერმანიაში სამუშაოდ წასულ საქართველოს მოქალაქეს ანაზღაურება საათში 9,5 ევრო ექნება. დასაქმებული ყოველთვიურად 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება გერმანიაში.

ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა.

"შეთანხმებით განსაზღვრულია სავალდებულო კრიტერიუმები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს 18-დან 60 წლამდე, ფიზიკურად ჯანმრთელი, რის დასადასტურებლადაც უნდა წარადგინოს ფორმა 100, ასევე უნდა ჰქონდეს გამოცდილება, იცოდეს უცხო ენა, არ უნდა იყოს ნასამართლევი.წასვლამდე სავალდებულოა PCR ტესტის გაკეთება, რომლის ხარჯსაც თავად მოქალაქე ანაზღაურებს. ამასთან, არის ინდივიდუალური კრიტერიუმები, რომლებიც გერმანელი დამსაქმებლების მიერ გამოგზავნილ კონკრეტულ შეთავაზებებშია. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ენის ცოდნის მოთხოვნა ან რომელიმე მოსავლის აღების გამოცდილება და სხვა.

რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, კრიტერიუმების გათვალისწინებით, პირველადი შერჩევის შემდეგ, ყველა შერჩეულ კანდიდატთან ხდება გასაუბრება. მოქალაქეს ეგზავნება შეტყობინება და შემდეგ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლები უკავშირდებიან და აცნობენ დეტალურ ინფორმაციას სამუშაოს და პირობების შესახებ. მოქალაქის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, ხდება დაბარება გასაუბრებაზე და ამის შემდეგ კანდიდატურა გერმანელ დამსაქმებელს ეგზავნება. საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანელი დამსაქმებელი იღებს...

ანაზღაურება იქნება საათში 9.5 ევრო, რომელიც თვეში 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება გერმანიაში. არავითარი დაბეგვრა ქართული მხარის მიერ არ მოხდება",- განაცხადა ბუნტურმა.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში დასაქმების პორტალზე 95 771 მოქალაქეა რეგისტრირებული. გიორგი ბუნტურის თქმით, მათ შორის 500-ის მაგივრად, როგორც თავიდან იყო გათვალისწინებული, რამდენიმე ათასი ადამიანის არჩევა მოხდება, თუმცა კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებს.