ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა მოსალოდნელია. მისივე თქმით, ამერიკაში უკვე მეოთხე ტალღაზე საუბრობენ.
ცერცვაძე ამბობს, რომ იმისთვის, რომ საქართველო მესამე ტალღისგან დაზღვეული იყოს, პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც ახლა 72%-დან 62%-მდე შემცირდა, 90%-ზე უნდა ავიდეს.
„მესამე ტალღა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, ყოველ შემთხვევაში ევროპის ქვეყნები ელოდებიან. მერკელმა პირდაპირ თქვა, რომ ველოდებით მესამე ტალღას და გაახანგრძლივა მკაცრი „ლოქდაუნი“ 7 მარტამდე. ამერიკაში უკვე მეოთხე ტალღაზე საუბრობენ. მოსალოდნელია, თუმცა ეს არაა სავალდებულო, ეს არაა ბედისწერა. ჩვენს ხელშია, ავიცილებთ თუ არა ამ მესამე ტალღას. ამაში დაგვეხმარება ვაქცინა, მაგრამ სანამ არაა ვაქცინა, ჩვენი ბედი და მესამე ტალღის ბედი არის ჩვენს ხელში. პირბადეების ტარება არის უმნიშვნელოვანესი. სამწუხაროდ, ჩემთან მოდის ინფორმაცია, რომ ადამიანები გავთამამდით და შეზღუდვების მოხსნის პარალელურად პირბადეებზეც უარი თქვეს. თუ პირბადეების გამოყენების მაჩვენებლი იყო 72%, ახლა 62%-ია, ჩვენ რომ თავი დაზღვეულად ვიგრძნოთ მესამე ტალღისგან, პირბადეების ტარების მაჩვენებელი უნდა გვქონდეს 90%“,- განაცხადა ცერცვაძემ.