ფარული ჩანაწერები

2021-03-07 12:15:49

ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერით გავრცელდა ჩანაწერები, რომლებშიც, სავარაუდოდ, ერთმანეთს ესაუბრებიან ბერა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

ჩანაწერებში საუბარია, თუ როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

ერთ-ერთ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ურეკავს ანზორ ჩუბინიძეს და მას ავალებს, რომ მისთვის უარყოფითი კომენტარის დამწერებს ბოდიში მოახდევინოს.

"სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: ბატონო ანზორ, გცალიათ 2 წუთით?

სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე: კი, კი, მცალია. გისმენ.

სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი: დღეს რა გეგმაა "იტოკში" იმ ლადოზე, თუ ვიღაცაზე. მაგასაც დედა უნდა მოეტ**ას ხო წესით.

სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე: [იცინის] კი, ბატონო.

სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: მომისმინე და ისა, დღეს იმ *** მამამისმა გაიგო თუ არა, თუ ვიკიდებთ.

სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე: მოდი, ის გადავწყვიტოთ ჯერ, გვინდა თუ არა ფეისბუქით ბოდიში მოგიხადოს და მერე მაგას რა უნდა, მამამისის იმას

სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი: გვინდა, რომ მოგვიხადოს

სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე: ტელეფონი მაქვს გადავურეკავ, შევეკითხები და ვეტყვი",- საუბარია ერთ-ერთ ჩანაწერში.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა არ არის დადგენილი, ჩანაწერებში მონაწილე პირებს ჯერ-ჯერობით თავად კომენტარი არ გაუკეთებიათ.

თუმცა, როგორც ქართულ ოცნებაში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ჩანაწერები არის ფაბრიკაცია და 2010 წლის სხვადასხვა ჩანაწერებითაა გაკეთებული.

შემიძლია ზუსტად გითრათ, რომ ეს არის 2010 წლის, ხაზს ვუსვამ, არა 2011 და 2012 წლების, მაგალითად, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” შემოვიდა პოლიტიკაში, არამედ 2010 წლის

შესაძლოა, რამდენიმე ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრებილია ერთ-ერთი წითელი მედიასაშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზები. არის ფაბრიკაცია, აბსოლუტური ფაბრიკაცია”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აუდიოჩანაწერებს ეხმაურებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩანაწერებში, სავარაუდო, სისხლის სამართლის დანაშაულები იკვეთება და უნდა დაიწყოს გამოძიება. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა დატოვოს პრემიერ-მინისტრობის პოსტი და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.