გაგრძელდება თუ არა რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა [video]

2021-03-14 11:53:58

აუცილებლად უნდა განახლდეს სამუშაოები, - ასე პასუხობს "ინფო რუსთავის" კითხვას, გაგრძელდება თუ არა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი. [ვიდეო/video]

მინისტრის მოადგილის თქმით, ფონიჭალაში, გზის პირას არსებული კორპუსების მცხოვრებლებთან მოლაპარაკებების პროცესი ამ დრომდე არ შეწყვეტილა.

"თემა იქნებოდა ამოწურული, რომ იმ მოსახლეობის ჯგუფი, რომელიც მთლად კონსტრუქციულად ვერ იქცევა, უფრო კონსტრუქციული იყოს. უფრო ადვილად რომ შემოდიოდნენ დიალოგში, ეს პროლემა საერთოდ აღარ იარსებებდა. პროცესი არ შეწყვეტილა, მიმდინარეობს, პერიოდულად უფროდაუფრო აქტიურდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივალთ. აუცილებლად უნდა განახლდეს სამუშაოები. მოლაპარაკების რეჟიმი ალბათ მიგვიყვანს იქამდე, რომ მოსახლეობა დავარწმუნოთ იმ ჭეშმარიტებაში, რაზეც ჩვენ ველაპარაკებით", - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობის შეჩერების მიზეზად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ფონიჭალის მოსახლეობას და მათი მხრიდან სახლების დათმობის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით, დიდი ოდენობით თანხების მოთხოვნა სახელდებოდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფონიჭალის მოსახლეობა ბრალდებებს თანხებთან დაკავშირებით არ აღიარებს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI