დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია სტაბილიზაციისკენ მიდის.
ბოლო პერიოდში კლებულობს ინფიცირებულთა რიცხვიც. მისი თქმით, ვაქცინაცია ახლო პერსპექტივაში ინფიცირებათა ახალი შემთხვევების კლებაზე არ მოქმედებს.
"ეპიდსიტუაცია სტაბილიზდება ქვეყანაში. მაგრამ ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ მოვერიეთ და დავამარცხეთ კორონავირუსი. აუცილებელია ყველა რეკომენდაციის დაცვა, რასაც ჩვენ ხშირად ვამბობთ და მათ შორის ყველაზე მთავარია პირბადე.
ისიც კი, რომ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული ქვეყანა ისრაელი, რომელმაც 100 მოსახლეზე ყველაზე მეტი ადამიანი აცრა, თითქმის 100 მოსახლეზე 80 ჰყავთ აცრილი. ორი აცრით კი თავისი მოსახლეობის 38% ჰყავს აცრილი. მიუხედავად ამისა, ისრაელში ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რიცხვი არის 4000. ამიტომ ძალიან გამკაცრებულია ყველა რეკომენდაციაზე აღსრულების კონტროლი. დაიმახსოვრეთ, ვაქცინაცია ახალ შემთხვევათა რიცხვზე მოქმედებს შორ ვადიან პერსპექტივაში. მაგრამ ახლო ვადიან პერსპექტივაში ის ამცირებს ჰოსპიტალიზაციასა და გართულებებს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ პრევენციული ღონისძიებების დაცვა ნიღაბი, ხელების დაბანა, დისტანცია და თავის არიდება დიდი შეკრებების აუცილებლად კარგა ხანს დაგვჭირდება.
რომ შევაჯამო, მივდივართ სტაბილიზაციისკენ. ძალიან კარგია ეს, ბრჭყალებში თავში არ უნდა აგვივარდეს ახლა და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად",- განაცხადა გამყრელიძემ.