"პრიორიტეტულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა"

2021-02-20 17:36:44

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე რეგულაციების შემსუბუქებაზე ისაუბრა. მან შემსუბუქების კონტექსტში რამდენიმე პრიორიტეტი გამოყო. მისივე თქმით, ეს მხოლოდ მისი აზრია და რეგულაციების მოხსნა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

თურნავა ამბობს, რომ ჯერ პრიორიტეტულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა, შემდეგ რესტორნების შიდა სივრცეების გახსნა და ბოლოს ზამთრის კურორტების, რომლებიც, შესაძლებელია, საბაგიროების გარეშე გაიხსნას.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეიძლება უახლოეს პერიოდში კვლავ დავსვათ განსახილველად შემდგომი დარჩენილი ინდუსტირების გახსნის საკთხი, რა თქმა უნდა ძალიან ფრთხილად... თუ მკითხავთ პრიორიტეტებს, ჩემი აზრით, პირველი პრიორიტეტი, უახლოესი, არის საქალაქთშორისო ტრანსპიორტი, რომელიც ეხება უამრავ ადამიანს, ბევრი სირთულე შეიქმნა, თუმცა, თავისი დატვირთვა და შედეგი ჰქონდა, ამ მობილობის შეზღუდვას  და ვფიქრობ, რომ ნომერ პირველი ეს საკითხი უნდა იყოს. რესტორნების შიდა სივრცეები - მიდის ძალიან აქტიური მსჯელობა რესტორნებთან, ძალიან კარგად არის ჩართული შრომის ინსპექცია. ჯანდაცვის სამინისტრო, ახალ რეგულაციებსაც განვიხილავთ და ალბათ, ერთ-ერთი შემდეგი ეს იქნება", - თქვა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ფიტნესები და კერძო ბაღები კვლავ დახურული რჩება. თურნავა ფიქრობს, რომ შემდეგი ერთერთი ეტაპი, რომელიც, სავარაუდოდ, მარტის თვეში იქნება, დარჩენილი დარგების გახსნა იქნება.

"ასევე, სასტუმრობში მივედით საკმაოდ კარგ მოდელამდე და მექანიზმამდე, როგორ შეიძლება გავხსნათ და დავუშვათ კონფერენციების ჩატარება, საკონფერენციო სივრცეების გახსნა. ფიტნესები და კერძო ბაღები კვლავ დახურული რჩება, ეს ის სფეროა, რომელსაც მართალია, ვეხმარებით პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მაგრამ ყველაზე მეტად დაიჩაგრა და ვფიქრობ, რომ შემედეგი ერთერთი ეტაპი, ალბათ, უფრო მარტის თვეში უნდა ვიმსჯელოთ დარჩენილი დარგების გახსნაზე ძალიან ფრთხილად", - ამბობს ნათია თურნავა.

მისივე თქმით, ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით შესაძლოა, იმსჯელონ სასტუმროების გახსნაზე, თუმცა, საბაგიროების გახსნის გარეშე.

"ზამთრის კურორტები, ყველაზე მტკივნეული საკითხი. იმიტომ, რომ აქ ბუნებრივი დედლაინებიც არსებობს, იწურება ზამთრის კურორტების გახსნის შესაძლებლობა და პერიოდი. ჩემი აზრით, ჩვენ კვლავაც შეიძლება მივუბრუნდეთ და განვიხილოთ მხოლოდ სასტუმროების გახსნის ნაწილი, თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე, თუკი ეს მოხდება ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმის დაცვით. ვფიქრობ, რომ არ არის ეს რაციონალს მოკლებული და ერთერთი, რასაც დავაყენებ მე კვლავ განსახილველად, ალბათ ჩვენ კოლეგებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რამდენად შეგვიძლია ახლა ის დარჩენილი ერთი თვე მაინც, რომ გამოვაყენებინოთ სასტუმროებს, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი კონტროლით", - თქვა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა მძიმე შეზღუდვებს ვერ გაუძლებს.