„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება

2021-02-18 17:09:55

“ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ გახარიამ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდეც იკავებდა.