გარდაცვლილი 14 წლის ნინი ცეცხლაძის ბაბუა დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაცია შინაგანს საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ოჯახის წევრი - 1945 წელს დაბადებული ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა.
ოჯახური ნიშნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ამ თემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ, 1997 წელს დაბადებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში 14 წლის ნინიმ, რომელიც 2 თვით ადრე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მომდევნო დღეს, გოგოს გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ 23 წლის პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება ორი მუხლით წარუდგინა. ესენია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილი (სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლი (თვითმკვლელობამდე მიყვანა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.