განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ვისი მშობელიც სკოლას შესაბამისი თხოვნით მიმართავს, პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდება.
ამის შესახებ დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაცია მიეწოდა სკოლებს საგანმანათლებლო საჭირობის მქონე მოსწვალეებთან მიმართებით. თუ მშობელი მიმართავს სკოლას, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარებისგან”,- განაცხადა დგებუაძემ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, განათლების სამინისტრო რისკ ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, კონკრეტულად მათი საგანი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს.
იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, რაიონული ჯანდაცვის ცენტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე თუ მთლიანად სკოლა.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკ ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, თუ მათ აქვთ ჯანმრთელობის მოწყვლადი მდგომარეობა, შესაძლებელია კონკრეტულად მათი საგანი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე. აქვე მინდა აღვნიშნო ის პროცედურები, რომლებსაც რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს. ეს არის წერტილოვანი მართვა სკოლების, როდესაც იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი დაფიქსირდება სკოლაში, ეს იქნება მოსწავლე, მასწავლებელი თუ სკოლის ადმინისტრაცია, ამ შემთხვევაში ერთვება რაიონული ჯანდაცვის ცენტრები და სწორედ ჯანდაცვის ცენტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე თუ მთლიანად სკოლა“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
ამასთან, განათლების მინისტრის მოადგილე შეეხო სკოლაში მოქმედი წრეებისა და ბუფეტების საკითხს.
მისი თქმით, ორშაბათიდან სწავლის დაწყების შემდეგ, ეტაპობრივად არა მარტო ბუფეტები, არამედ ყველა წრე განაახლებს მუშაობას.
„მოგეხსნებათ, დიდ ქალაქებში, რადგან ორშაბათიდან სწავლას ვაგრძელებთ, ჩვენი ასევე მაღალი ინტერესია, რომ სკოლა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ბუფეტებმაც ფუნქციონირება დაიწყოს და არა მარტო ბუფეტებმა, არამედ ყველა იმ წრეებმა, რომელიც თითოეულ სკოლაში არსებობს და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად შესაძლებლობა მივცეთ, ამ სერვისებმაც დაიწყონ, განაახლონ მუშაობა. ორშაბათს სკოლა იხსნება და ჩვენი მიზანია, რომ სკოლები ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს, იქნება ბუფეტი, თუ სხვა წრეები, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ეტაპობრივად მივცემთ შესაძლებლობას ბუფეტიც გაიხსნას და სხვა დანარჩენი წრეებიც, მაგრამ როდის მოხდება, ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას, ზუსტ რიცხვს.
კერძო სკოლებთან შემთხვევაში აქვთ განსხვავებული მიდგომა, როდესაც არა ბუფეტი, არამედ მოსწავლეებისთვის საკვების მიწოდება იქნება. ამ შემთხვევაში "ლანჩბოქსები" იქნება, უშუალოდ საკლასო ოთახში მიეწოდებათ და ოთახები განიავდება და დასუფთავდება დიდი შესვენების პერიოდში, რომელსაც სკოლა იყენებს“, - განაცხადა დგებუაძემ.