გაბერილი შტატები და უფუქნციო თანამშრომლები გარდაბნის მერიაში

2021-02-09 19:47:03

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში რიგ დარღვევებთან ერთად აღმოაჩინა, რომ მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულია იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ამის საჭიროება რეალურად არსებობს.

2018-2019 წლების აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ: "მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ თანამშრომელთა საშტატო რიცხოვნობა საჭიროებებთან შედარებით, მაღალია. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა აღემატება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილ ზღვრულ ნორმას".

სწორედ ამ მიზეზით, აუდიტის დასკვნაში გაცემულია რეკომენდაცია, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ გაანალიზოს ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებზე დახარჯული სახსრები.

აგრეთვე, მერიამ უზრუნველყოს შპს-ზე გადარიცხული თანხის მიზნობრიობის დადგენა და ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები თანხის უკან დასაბრუნებლად.

აუდიტის დასკვნაში მოყვანილია არაერთი მაგალითი, როგორ დაიხარჯა ბიუჯეტის თანხები ა(ა)იპ-ებში დასაქმებული რეალური საჭიროების არმქონე თანამშრომლების ხელფასებზე.

მაგალითად, დასკვნაში ნათქვამია, რომ:

"მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა ა(ა)იპ-„გარდაბანსერვისმა“ 2019 წელს დაფინანსების სახით მიიღო 773.6 ათასი ლარი. ა(ა)იპ-ის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა სასმელი წყლის, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების მოვლა-პატრონობა. ამ მიმართულებით 13 სოფელში დასაქმებული იყო 44 სპეციალისტი, 55 რომელთა ხელფასებზე 2019 წელს დაიხარჯა 141.8 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი და შესაფერისი რწმუნება იმისა, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენს ამ რაოდენობის სპეციალისტების საქმიანობა, როდესაც ზოგიერთ სოფელში წყალი ნაწილობრივ ან საერთოდ არ მიეწოდება მოსახლეობას. აგრეთვე ა(ა)იპ-ის ერთ-ერთი ფუნქციაა გამწვანების სამუშაოები, სკვერების და შადრევნების მოვლა. ამ განყოფილებაში მუშაობდა 6 პირი, რომელთა ხელფასებზე 2019 წელს 46.3 ათასი ლარი დაიხარჯა. ა(ა)იპ-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტურად დასტურდება აღნიშნული განყოფილების მიერ წლის განმავლობაში შესრულებული 12 დასახელების სამუშაო. 56 ანალიზით დგინდება, რომ აღნიშნული სამუშაოები შესაძლებელია შესრულდეს რამდენიმე დღეში. გარდა ამისა, აღნიშნულ ა(ა)იპ- ში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულია შპს „სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორი,57 რომლის ფუნქცია-მოვალეობების შესახებ პასუხისმგებელმა პირებმა ინფორმაცია ვერ წარმოადგინეს", - ნათქვამია დასკვვნაში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები