"მინდა ჩემი ნამუშევრებით ადამიანები გავაბედნიერო" [photo]

2021-02-18 12:18:46

ყველაფერი 6 წლის ბავშვის მიერ შექმნილი ბაბუის პორტრეტით დაიწყო, პატარა ბიჭუნას ბიძამ წამახალისებელი შეფასება მისცა და ასე გადაწყვიტა რუსთაველმა ლაშა კალანდაძემ, რომ მისი ცხოვრების მთავარი საქმიანობა სწორედ ხატვა გამხდარიყო.

თვითნასწავლია, ყველაფერი, რასაც მის ნახატებში ხედავთ, ბოლომდე მისია და ალბათ სწორედ ეს სძენს განსაკუთრებულობას მხატვრის მიერ შექმნილ ყველა ნამუშევარს.

რატომ იქცა რუსთაველებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ფერმწერად სწორედ ის? იმიტომ, რომ ლაშა კალანდაძე ჩემი, შენი და ჩვენი უბნების ისტორიებს ტილოზე ყვება. ნამუშევრებში კარგად იგრძნობა, რომ მისი ინსპირაციის მთავარი წყარო სწორედ მშობლიური ქალაქი - რუსთავია და ალბათ, ამიტომაც შეუძლია მას მიაღწიოს ასე ახლოს რუსთაველების გულებთან.

"ყოველდღიურობა, რომელიც სიყვარულით მავსებდა და მავსებს, ჩემი ინსპირაციის წყარო სწორედ ესაა. რუსთავი არის ადგილი, სადაც თავს ვგრძნობ ერთ დიდ მეგობრულ ოჯახში. ჩემთვის ყველაზე კომფორტული ქალქია და შესაბამისად, ყველაზე მეტად მიხარია ამ ქალაქში ჩემი საქმის კეთება", - უყვება "ინფო რუსთავს" თვითნასწავლი მხატვარი.

ლაშა კალანდაძის ერთ-ერთი ფოტო ბოლო დროს სოციალური ქსელის რუსთაველ მომხმარებლებში საკმაოდ პოპულარული გახდა.

საოცრად ცოცხალი და ამავდროულად სევდიანი "არკა", რომლის შექმნასაც საკუთარი, მხატვრისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი ისტორია აქვს.

"ეს ის ადგილებია, „არკა“ და „მოედანი“, სადაც გავიზარდე და მთელი ბავშობა გავატარე. ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა წვიმიანი ჩემი ქალაქი, წვიმის შემდეგ რუსთავი და მის ქუჩებში ხეტიალი", - უყვება ლაშა კალანდაძე "ინფო რუსთავს".

მხატვრის სამუშაო პროცესი ქაოსურია, როგორც თვითონ ამბობს, ამის მიზეზი მისი 3 ვაჟია, თუმცა გვიყვება, რომ პროცესი ამ ყველაფერთან ერთად საინტერესო და სიახლეების ძიებითაა დატვირთული, თითო ნახატის შექმნისთვის კი, დაახლოებით, 10-12 საათი სჭირდება.

ლაშა კალანდაძის მთავარი სამომავლო გეგმა ადამიანებისთვის საკუთარი საქმიანობით ბედნიერების მინიჭებაა. როცა ვეკითხებით, რა გეგმა აქვს და რა სურს მომავალში აკეთოს, გვპასუხობს, რომ მისი გეგმა: "საკუთარ თავზე მუშაობა, განვითარება და ხატვით ადამიანებისთვის კიდევ უფრო მეტი ბედნიერების მინიჭებაა".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები