იანვრის თვეში, "ინფო რუსთავის" ობიექტივში, რუსთავის მასშტაბით და მის მიმდებარედ მომხდარი 14 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა. აქედან 6 ავარია კომენდანტის საათის დროს ან მის ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაფიქსირდა.
სამწუხაროდ, გასულ თვეში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, აქედან 4 კომენდანტის საათის მოქმედების დროს.
იანვარში, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოხდა, თუმცა, ავარიები გასულ თვეში კონსტიტუციის, ლომოურისა და თბილისის ქუჩებზე, აღმაშენებლის, მეგობრობისა და შარტავას გამზირებზე, კლდიაშვილისა და მარჯანიშვილის, ასევე კოსტავასა და ბარათაშვილის კვეთებზე, მე-12 და მე-7 მიკრორაიონებში დაფიქსირდა.
"ინფო რუსთავის" ბოლო თვის სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია, ავარიების თვითმხილველები, როგორც წესი, ამას უკავშირებენ კომენდანტის საათის მოქმედებას. მათი თქმით, ავტომობილები 21:00 საათამდე დანიშნულების ადგილას მისვლას ჩქარობენ.