"შესაძლებელია ამ სკოლებმა ონლაინ სწავლა განაგრძონ"

2020-02-04 17:04:06

რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ხეჩიკაშვილის თქმით, რუსთავში არსებული 24 სკოლა მოსწავლეების კლასებში მისაღებად მზადაა, რაც შეეხება 2 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლებშიც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ხეჩიკაშვილი აღნიშნავს, რომ დირექტორები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, დროებით გადავიდნენ სხვა სკოლებში თუ სწავლა ონლაინ ფორმატში განაგრძონ.

"ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მზადაა მოსწავლეების კლასებში მისაღებად, 25-ე და 26-ე სკოლებში კი მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, შესაბამისად, სხვა სკოლაში, მეორე ცვლაში განაგრძობენ სწავლას ან შესაძლოა ონლაინ ფორმატზე დარჩნენ. ამას ჩამოაყალიბებენ სკოლის დირექტორები თავად. გადახედავენ, ნახავენ მშობლების მოთხოვნას, ვის როგორ ურჩევნია და იმის მიხედვით მოიქცევიან", - განაცხადა თამარ ხეჩიკაშვილმა. 

"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის აღნიშნული სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა.

25-ე სკოლაში განგვიცხადეს, რომ მე-15 და მე-8 სკოლებში გადანაწილდებიან, 26-ეში კი ზუსტი გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვთ.

თუ 26-ე სკოლაში ონალიან ფორმატზე დარჩენას არ აირჩევენ, სავარაუდოდ, დროებით ამ საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი მე-10 სკოლაში გადავა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები