საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რესტორნების სესხის პროცენტის 80%-ით სუბსიდირების პროგრამის ტექნიკური მოთხოვნები შემსუბუქდება.
როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სუბსიდირების პროგრამა რესტორნებთან ერთად შეეხება სპორტის ინდუსტრიას და კერძო საბავშვო ბაღებსაც.
"ჩვენ დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც დეკემბრიდან დაიწყო. ამ პროგრამამ აჩვენა საკმაოდ დიდი მოთხოვნა ასეთ შეღავათზე. ეს იყო 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება. მომართვა იყო დაახლოებით 2 ათასი. თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო მოთხოვნები დააკმაყოფილა 420-მა რესტორანმა. დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ ტექნიკური მოთხოვნების შემსუბუქების თაობაზე იმისთვის, რომ ამ 2 ათასმა რესტორანმა, რომელმაც მოგვმართა, შეძლოს და ისარგებლოს სახელმწიფო მხარდაჭერის ამ ღონისძიებით.
ეს ღონისძიება არ შეეხება მხოლოდ რესტორებს, ის ასევე შეეხება სპორტის ინდუსტრიას, ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რამეთუ მათი მხრიდნაც იყო სერიოზული მოთხოვნა. ეს ის ბიზნესებია, რონმლებიც პანდემიის შედეგად დაზარალდნენ”,- განაცხადა გახარიამ.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, ნავარაუდევია, რომ პროგრამაში 100-მდე სპორტული ობიექტი და სულ მცირე, 50-მდე საბავშვო ბაღი ჩაერთვება. მან ასევე განმარტა, თუ რა იცვლება პროგრამაში იმისთვის, რომ რესტორნებმა მარტივად შეძლონ სუბსიდიის მიღება.
„მოგეხსენებათ, დავიწყეთ რესტორნების სესხის პროცენტის სუბსიდირება. პირველი შერჩევისას დიდი ინტერესი იყო, 2 000-მდე რესტორანმა მოგვმართა, თუმცა შერჩევისას გამოვლინდა ტექნიკური და იურიდიული ნიუანსები, რაც დაინტერესებულ ობიექტებს პროგრამაში ჩართვაში უშლიდა ხელს. გადავხედეთ და საკმაოდ სერიოზული შემსუბუქებით ვაცხადებთ მეორე შერჩევას. 8 თებერვალს დაიწყება რესტორნების მხრიდან ახალი განაცხადების მიღება და 5 მარტამდე გაგრძელდება. ამ პროგრამას ვამატებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც. ასევე, ვაფართოებთ და თუ აქამდე შეეხებოდა 2020 წლის 1-ელ მარტამდე არსებულ სესხებს, ახლა იქნება 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე აღებულ სესხებზე. მეორე კატეგორია, რომელზეც პროგრამას ვავრცელებთ, არის სპორტული ობიექტები და მესამეა საბავშვო ბაღები. ეს შეეხება ბანკიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხის და ლიზინგის პროცენტს. სპორტული ობიექტების შემთხვევაში მოიაზრება ფიტნეს ცენტრები, საცურაო აუზები, სპორტული მოედნები და დარბაზები. 80%-ით დავუსუბსიდიებთ სესხის პროცენტს“, - განაცხადა თურნავამ.