უმაღლეს სასწავლებლებზე დაწესებული შეზღუდვა ჯერჯერობით ძალაში რჩება - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" განათლების სამინისტროში განუცხადეს.
როგორც სამინისტროში საინფორმაციო სააგენტოს უთხრეს, ამ დროისთვის ყველა უმაღლეს სასწავლებელში განსხვავბული ვითარებაა და სტუდენტებთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება მიღებული უმოკლეს ვადებში იქნება.
"ყველგან სხვადასხვა ვითარებაა ახლა, ზოგან არის გამოცდები, ზოგს არდადეგები აქვს უკვე, რადგან გამოცდები დაამთავრეს. უმაღლესი სასწავლებლები ხომ ავტონომიურები არიან, დაწყება-დამთავრების საკითხს თავად წყვეტენ, შესაბამისად, ჯერჯერობით დისტანციურად აგრძელებენ, მაგრამ, ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს სამინისტრო, ჯანდაცვის წარმომადგენლებთან არის შეხვედრები და როგორც კი მიღებული იქნება გადაწყვეტილება, გაჟღერდება. სავარაუდოდ, სტუდენტებიც გააგრძელებენ უნივერსიტეტებში სწავლას მალე", - აცხადებენ სამინისტროში.
მოგვიანებით განცხადება გააკეთა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა. მისი თქმით, სკოლების შემდეგ, სასწავლო პროცესის აუდიტორიებში განახლება უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებში ეტაპობრივად მოხდება.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, ბაღების, პროფესიული კოლეჯების და უმაღლეს სასწავლებლების გახსნა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული, გახსნის თარიღები კი ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
"რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ კოლეჯებს და უმაღლეს სასწავლებლებს, ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება, კონკრეტული თარიღების შესახებ, ცალკე განცხადება გაკეთდება მომავალში.
სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი, მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, შესაბამისად, ყველაფერი იქნება გაკეთებული, რომ სკოლებში როგორც იყო, არის და იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო", - აცხადებს ჩხენკელი.
შეგახსენებთ, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება.