თენგიზ ცერცვაძე: ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას

2021-01-31 12:16:51

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცეცვაძის განცხადებით, საქართველო უმოკლეს დროში მიიღებს COVID-19-ის საწინააღმდეგო უმაღლესი ხარისხის (Pfizer- BioNTech -ის) ვაქცინის პირველ პარტიას, სავარაუდოდ, 30 ათას დოზას, ხოლო შემდგომში ეტაპურად მიიღებს ჯერ მაღალი რისკის ჯგუფების პირების, ხოლო შემდეგ მთელი მოსახლეობისთვის საჭირო ვაქცინის რაოდენობას.

როგორც თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, ქვეყანაში უკვე შემუშავებული და დამტკიცებულია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, მომზადებულია შესაბამისი ინფრასრუქტურა და კვალიფიციური მედპერსონალი, რომ მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი უსაფრთხოდ და შეფერხებების გარეშე წარიმართოს.

„ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი (ჩვენი ინფორმაციით, პირველ ხუთეულში) უმოკლეს დროში მიიღებს COVID-19-ის საწინააღმდეგო უმაღლესი ხარისხის (Pfizer- BioNTech -ის) ვაქცინის პირველ პარტიას, სავარაუდოდ, 30 ათას დოზას, ხოლო შემდგომში ეტაპურად მიიღებს ჯერ მაღალი რისკის ჯგუფების პირების, ხოლო შემდეგ მთელი მოსახლეობისთვის საჭირო ვაქცინის რაოდენობას.

ეს შესაძლებელი გახდა ქვეყნის ხელმძღვანელობის, პირადად პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დროული და მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად.

დიდი მადლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ყველა საერთაშორისო ინსტიტუციებს, ვინც მხარი დაუჭირა ქვეყნის ძალისხმევას.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში უკვე შემუშავებული და დამტკიცებულია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, მომზადებულია შესაბამისი ინფრასრუქტურა და კვალიფიციური მედპერსონალი, რათა მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი წარიმართოს უსაფრთხოდ და შეფერხებების გარეშე.

მოსახლეობის ვაქცინაცია ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების და მით გამოწვეული სიკვდილობის მკვეთრი შემცირების, აგრეთვე ყველანაირი შეზღუდვების და რეგულაციების ეტაპობრივი და უსაფრთხო მოხსნის ყველაზე ეფექტიანი გზაა.

ვულოცავ სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის პირველი პარტიის მიღებას. ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია“,-წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

მივიღეთ საბოლოო დასტური იმის შესახებ, რომ ქვეყანა თებერვლის შუა რიცხვებისთვის მიიღებს Pfizer-ის ვაქცინას 29 250 დოზის ოდენობით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტრომ „კოვაქსის პლატფორმას“ მოთხოვნა 18 იანვარს გაუგზავნა, ვინაიდან საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის უახლოეს პერიოდში მისაღებად სრული მზაობა ჰქონდა.

გარდა ამისა, როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, საქართველომ პირველ და მეორე კვარტალში უნდა მიიღოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 300 000-ზე მეტი დოზა, იმისათვის, რომ გაგრძელდეს პრიორიტეტული ჯგუფების მოცვა.

„ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს მიიღო ოფიციალური დასტური იმის თაობაზე, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე ქვეყანაში შემოვა Pfizer-ის ვაქცინების პირველი პარტია - 29 250 ერთეულის ოდენობით, რაც განკუთვნილი იქნება ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის. ჯანდაცვის სფერო პირველი ჯგუფის პრიორიტეტია, რომლის აცრაც მოხდება. ვაქცინაცია შემდეგ უკვე დანარჩენი პრიორიტეტული ჯგუფებისთვის გაგრძელდება. ეს არის გრძელვადიან დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარები და მათი მომვლელები. ამის შემდეგ ის ასაკობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები არიან - 75 წლის ზემოთ მოსახლეობა, 65 - წლიდან 75- წლამდე ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ასევე, სტრატეგიული სერვისების მიმწოდებელი პირები, როგორიც არის ჯარი, პოლიცია, პედაგოგები. ამას შემდეგ მოჰყვება სხვა მოსახლეობა. 2021 წლის ბოლომდე ჯამურად დაგეგმილია 60%-ის მოცვა. ძალიან დიდი მიღწევაა ის, რომ ქვეყანა პირველ დოზებს მიიღებს იმაზე ადრე, ვიდრე ეს ბევრ სხვა ქვეყანაში მოხერხდა. ძალიან მალე დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და შემდეგ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ დამატებითი დოზების მობილიზებაც მოხდება ცნობილი ვაქცინებიდან. ანუ, გარკვეული რაოდენობით დაემატება „ასტრაზენეკა“ პირველი Pfizer-ის ვაქცინას. ასევე არის მოლოდინი, რომ დამატებითი ვაქცინები, რომელთაც წარმატებული შედეგები აქვთ ეტაპობრივად დაემატება იმ შესაძლებლობას, რასაც დღეს გვთავაზობენ ვაქცინაციის პროგრამები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, დიდ კლინიკებში, ჰოსპიტლის დონეზე ჩატარდება Pfizer-ის ვაქცინა, რადგან ვაქცინაციის რაოდენობიდან გამომდიონარე, ასაცრელი ჯგუფი მცირეა. მისი თქმით, ეს იქნება ქუთაისის, ბათუმის და თბილისის დიდ კლინიკებში. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვაქცინა საქართველოში საიდან შემოვა, ეს შესყიდვის პროცესში დაზუსტდება.