რუსთავში ლიფტი გაქურდეს

2021-01-31 11:15:46

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი გაქურდეს.

"ინფო რუსთავს" კორპუსში მცხოვრები ასაკოვანი პირი დაუკავშირდა და ფაქტის გაშუქება სთხოვა. მისი თქმით, უცნობმა პირებმა ღამის საათებში ლიფტის კაბინაში შეაღწიეს და კაბინიდან ძვირადღირებული სპილენძის ნაწილი მოიპარეს. გარდა ამისა, მოსახლეობის ინფორმაციით, ლიფტიდან წაღებულია სპილენძის სხვადასხვა, ნაკლებად ძვირადღირებული ნივთებიც.

როგორც კორპუსის ასაკოვანმა მცხოვრებმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, ლიფტის კაბინიდან მოპარულია ნაწილი, რომელზეც იყო დამოკიდებული მისი ფუნქციონირება, მწყობრიდან გამოსული ლიფტის პირობებში კი მას და კორპუსის სხვა ასაკოვან მცხოვრებლებს კიბეზე გადაადგილება უჭირთ და სახლიდან გასვლას ფაქტიურად ვეღარ ახერხებენ.

როგორც მიკრორაიონის მოსახლეობა აღნიშნავს, პრობლემის მოგვარების მიზნით მათ არაერთ სამსახურს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

კორპუსის მცხოვრებლები შიშობენ, რომ თუ ლიფტის აღდგენა საკუთარი სახსრებით მოუწევთ, შესაძლებელია ის ისევ მალევე გაქურდონ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები