"რუსთაველები აზრიანად იმგზავრებენ"

2021-02-02 01:04:07

რუსთაველები აზრიანად იმგზავრებენ - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "აზრი" ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც რუსთავის ქუჩებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსები იმოძრავებს და გაჩერებების სახით შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოეწყობა, რუსთაველი მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი სწრაფი და მარტივი საინფორმაციო სისტემა გახდება.

პროექტის ფარგლებში, ქალაქ რუსთავში, 47 გაჩერებაზე, რომლებიც ახლა მოწყობის ეტაპზეა, დამონტაჟდება გაჩერების ტაბლოები და LCD მონიტორები, სადაც დაგეგმილი გრაფიკის ნაცვლად, გამოსახული იქნება ავტობუსების მოსვლის რეალური დრო. მგზავრებს კი საშუალება ექნებათ მარშრუტის დაგეგმვა სახლიდან გაუსვლელად, მობილური ტელეფონიდან ან Web პორტალიდან შეძლონ.

"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის კომპანია "აზრის" ტექნიკურ დირექტორს, პაატა ცუცქირიძეს დაუკავშირდა. როგორც მან საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, აპლიკაციაზე მუშაობა დაახლოებით 4 თვეში დასრულდება და უკვე არსებული იმ აპლიკაციის ანალოგი იქნება, რომელსაც მგზავრები თბილისში იყენებენ.

აღნიშნული აპლიკაცია, რომელიც დედაქალაქზეა მორგებული, მომხმარებელს საშუალებას აძლევს მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია სთავაზობს საკუთარ მგზავრებს, კერძოდ:

დაგეგმვა - შეარჩიეთ საუკეთესო მარშრუტი თქვენი მგზავრობისთვის:

დანიშნულების ადგილის შერჩევა შეგიძლიათ:
თქვენი ადგილმდებარეობის მიხედვით (მობილურის GPS სისტემა);
ქუჩის სახელით;
გაჩერების სახელით ან ID ნომრით;
რუკის დახმარებით;
შეგიძლიათ წინასწარ განსაზღვროთ პარამეტრები:
მგზავრობის ტიპი (მეტრო, ავტობუსი, ან ორივე);
დამატებითი პარამეტრები (უმოკლესი მარშრუტი, ცოტა გადაჯდომით);
მაქსიმალური დისტანცია ფეხით სიარულისთვის;

ტაბლოს ინფორმაცია - ავტობუსების მოსვლის დროები გაჩერებებზე:
გაჩერების არჩევა შეგიძლიათ:
თქვენი ადგილმდებარეობის მიხედვით (მობილურის GPS სისტემა);
ქუჩის სახელით;
გაჩერების სახელით ან ID ნომრით;
რუკის დახმარებით;

ავტობუსი რეალურ დროში:
შეარჩიეთ მარშრუტი, მერე მიმართულება და ნახეთ თუ სად მდებარეობს ავტობუსი რეალურ დროში;

მარშრუტების სქემა (ავტომატურად განახლებადი):
შეგიძლიათ ნახოთ თბილისის მეტროს მარშრუტი და გაჩერებები რუკაზე;
ასევე ავტობუსის ცალკეული მარშრუტების სქემა თბილისის რუკაზე;

გრაფიკები (offline):
ნახეთ გრაფიკები მარშრუტის და გაჩერებების მიხედვით:
შეგიძლიათ აირჩიოთ უახლოესი გაჩერება (მობილურის GPS სისტემით), გაჩერების სახელით ან ID ნომრით;

ინფორმაცია:
საკონტაქტო ინფორმაცია;
ტარიფები და ფასდაკლების სისტემა;
სამგზავრო ბარათი „მეტრომანი";
სამუშაო საათები.

"ინფო რუსთავი" დეტალურ ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაიმარტივოთ მგზავრობა რუსთავში, მას შემდეგ მოგაწვდით, რაც პროექტზე პროგრამული მუშაობა დასასრულს მიუახლოვდება.

ინფორმაციისთვის, აზრი არის პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის მწარმოებელი ქართული კომპანია, რომელიც 15 წელიწადზე მეტია მუშაობს კომპლექსური გადაწყვეტილებების შექმნაზე ფინანსური სექტორისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა ინდუსტრიებისთვის.

2006 წლიდან დღემდე, საქართველოში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმართება აზრის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფითა და შესაბამისი აპარატურული საშუალებებით.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები