ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა.
ჯანდაცვის მინისტრს შეკითხვა NDI-ის კვლევის შესახებ დასუვეს, კერძოდ, ორგანიზაციის კვლევით, მოსახლეობის 41% არ აპირებს, ჩაიტაროს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასევე 41% პასუხობს, რომ ვაქცინა რომ არსებობდეს, მზად არის, გაიკეთოს ის.
ეკა ტიკარაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევით, დაახლოებით, 42% უცხადებს ვაქცინას უნდობლობას.
მინისტრის თქმით მნიშვნელოვანია ვაქცინის პოპულარიაზაცია და მისი სანდოობის გარანტის დამტკიცება. ტიკარაძის თქმით, ნდობას განაპირობებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მინიჭებული სტატუსი. მისი განცხადებით, საქართველოში შემოვა მხოლოდ ის პრეპარატი, რომელსაც ჯანმოს დადებითი დასკვნა ექნება.
„ვაქცინას ველოდებით თებერვლის ბოლოს, მიდის აქტიური კომუნიკაცია. დამატებით კიდევ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავაგზავნეთ ყველა კლინიკაში და სამედიცინო დაწესებულებაში მოთხოვნა, რომ მოგვაწოდონ თანამშრმლების სია, რათა სწორად დაიგეგმოს ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა უკვე შემუშავებულია და დაგეგმილია საინფორმაციო კამპანია.
„ეტაპობრივად, როდესაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, რა თქმა უნდა, მის მიერ გამოვლენილი საკმაოდ მცირე გვერდითი მოვლენები გაზრდის ჩვენს მოქალაქეებში მიმღეობას და სანდოობას.
ასევე ის, რომ ჩვენი მხრიდან თითოეული ნაბიჯი გამჭვირვალეა და ვეყრდნობით ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონეს საერთაშორისო პარტნიორებს, ესეც არის მნიშვნელოვანი;
ვაქცინის ხარიხსი და მწარმოებელიც ახდენს მნიშვნელოვან გავლენას და ყოველივე ამის ერთობლიობა, დარწმუნებული ვარ, მოგვცემს კარგ შედეგს“, – განაცხადა მისნიტრმა.
ტიკარაძის ინფორმაციით, Pfizer-ს გარდა, I კვარტალში, ელოდებიან 500 000 დოზა AstraZeneca-ს ვაქცინას.