„41%-იც რომ აიცრას პირველ ეტაპზე, ესეც დიდი მიღწევაა და ჩვენ დავიწყებთ აცრას იმ 41%-ით, რომელიც უკვე დადებითად არის განწყობილი ვაქცინის მიმართ, აქვს ნდობა და სჯერა, რომ მისი სარგებელი იქნება მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ვაქცინაციაზე საზოგადოების განწყობის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანებთან, რომლებიც ვაქცინაციის საკითხს სკეპტიკურად უყურებენ, მუშაობა გაგრძელდება.
როგორც მან განმარტა, გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის, ანუ 1,7 მლნ ადამიანის ვაქცინაციაა გათვალისწინებული.
„ეროვნული გეგმის თანახმად, პირველი სამიზნე ჯგუფი ჯანდაცვის სფეროს მუშაკებია. შემდეგი ჯგუფი არის გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და უკვე ამის შემდეგ იწყება ასაკობრივი ჯგუფების მოცვა. 75 წლის ზემოთ, შემდეგ 65-დან 74 წლამდე და მოვყვებით ასე ქრონიკული დაავადებების გათვალისწინებით“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, აგრეთვე მნიშვნელოვანია სტრატეგიული სერვისების მიმწოდებელი თანამშრომლების მოცვაც.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ ადამიანების რაოდენობა, რომელიც COVID ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა, 50%-დან 60%-მდე მერყეობს.
მისივე თქმით, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით ვაქცინის მიმართ პოზიტიური განწყობის მაჩვენებელი შემცირებულია და ამის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობაში სწორი ინფორმაციის ნაკლებობაა.
„გარკვეული პერიოდულობით ჩვენთანაც კეთდება სოციოლოგიური გამოკითხვები. სხვადასხვა პერიოდში დაახლოებით 50%-დან 60%-მდე მერყეობს. ნოემბერში უფრო მეტი იყო ეს მაჩვენებელი, ანუ მეტი იმედი ჰქონდათ ადამიანებს იმიტომ, რომ მაშინ სიკვდილიანობა გაიზარდა, რთული სიტუაცია იყო, შემდეგ ეს შემცირდა. ეს მხოლოდ COVID ვაქცინაზე არაა, მოგეხსენებათ, ანტივაქცინური მოძრაობა ძალიან ძლიერია მსოფლიოში და ჩვენთანაც. ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მოსახლეობაში სწორი ინფორმაციის ნაკლებობაა“, -აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, პანდემიის დამარცხების ერთ-ერთი გზა მოსახლეობის ვაქცინაციაზე გადის.
რაც შეეხება კითხვას, როდის შეიძლება ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ, ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ეს წელიწადნახევარში მოხდება.
„ჩვეულ რიტმს, როდესაც ყველგან ვმოძრაობდით, ნიღაბი არ გვეკეთა, ვმოგზაურობდით და ასე შემდეგ, კაცობრიობა ჩემი აზრით, ერთ წელში, წელიწადნახევარში დაუბრუნდება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.