სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის ფოტო კონკურსს თემაზე - „ჩემი პერსონალური მონაცემები ჩემია" აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოში მოქმედი ყველა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეს შეუძლია.
„კონკურსის მიზანი პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოზარდების განვითარების ხელშეწყობა და არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის ხაზგასმაა.
ფოტოგადაღება ნებისმიერი მოწყობილობის (მობილური ტელეფონის, ფოტოაპარატის, ვიდეოკამერის და სხვა) საშუალებით არის შესაძლებელი. საკონკურსო ნამუშევრები შინაარსობრივად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემას.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 4 გამარჯვებული, კერძოდ:
სოციალურ ქსელში ხალხის რჩეული - გამოვლინდება ე. წ. Facebook Like-ების მეშვეობით;
ჟიურის რჩეულები - ჟიურის მიერ გამოვლინდებიან პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული კონკურსანტები.
საკონკურსო ნამუშევრები 2021 წლის 11 თებერვლის ჩათვლით მიიღება შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე - photocompetition@stateinspector.ge
კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი ფოტოები, კონკურსის დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმების შემდგომ, 12 თებერვალს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფიციალურ „Facebook“ გვერდზე განთავსდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სოციალურ ქსელში ხალხის რჩეული ფოტოს გამოსავლენად 10 დღიანი ვადა იქნება განსაზღვრული. ხოლო, ჟიურის სამი რჩეულის გამოსავლენად, ნამუშევრებს შეაფასებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებითა და მოწვეული დამოუკიდებელი პირებით დაკომპლექტებული კომისია.
კონკურსის გამარჯვებულები 2021 წლის 22 თებერვალს დასახელდებიან.
კონკურსში მონაწილეობის პირობებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მადლობას უხდის ევროკავშირსა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ინიციატივის მხარდაჭერისთვის.