გაუქმებული აპლიკაცია

2021-01-23 16:49:34

Stop Covid-ის აპლიკაცია, რომელიც სახელმწიფოს 412 ათასი ლარი დაუჯდა, გაუქმდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Stop Covid აპლიკაციით სარგებლობის ვადა დასრულდა 2021 წლის 20 იანვარს და მოხდა მისი დეაქტივაცია. მათივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღო.

აპლიკაცია საქართველოს მოსახლეობისთვის 2020 წლის 16 აპრილს გახდა ხელმისაწვდომი. ივნისში სამინისტრო აცხადებდა, რომ მისი მეშვეობით 10 ინფიცირებული პირი გამოვლინდა.

აპლიკაცია მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას, დაშიფრული სახით, ორივე მომხმარებლის მობილურ ტელეფონში ინახავს და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირს ვირუსი დაუდასტურდება, მის სარისკო კონტაქტებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეგზავნებათ. „თქვენ კონტაქტი გქონდათ COVID-19-ის მქონე პირთან, გთხოვთ, მოექცეთ თვითიზოლაციაში და სასწრაფოდ დაუკავშირდეთ შესაბამის უწყებას“, - ამ ტიპის შეტყობინებას იღებდნენ აპლიკაციის მეშვეობით ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულ პირთან კონტაქტი 15 წუთზე დიდხანს და 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვით ჰქონდათ.