მთავრობა: რესტორნები არ იხსნება

2021-01-22 16:20:00

რესტორნები კვლავ არ იხსნება და მათ კვლავ გატანის სერვისზე მოუწევთ მუშაობა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობაში შექმნილმა უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო. კვების ობიექტები გარე სივრცეების გახსნას მხოლოდ აჭარაში შეძლებენ.

„აჭარაში 1 თებერვლიდან კვების ობიექტების გარე სივრცეები იხსნება. ობიექტები შეძლებენ გარე სივრცეებში მოემსახურონ მოქალაქეებს. თუმცა რა თქმა უნდა ქორწილები და დიდი სუფრები კვლავ აკრძალულია. ქვეყნის სხვა ადგილებში რესტორნები არსებული შეზღუდვებით გააგრძელებენ მუშაობას. მათ შეუძლიათ კვლავ გატანის სერვისით იმუშაონ“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან საერთო ჩატი აქვს გაკეთებული და მათი გასაჭირი მთავრობამ ძალიან კარგად იცის.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სარესტორნო ბიზნესის გახსნა დამოკიდებულია კონკრეტულ ქალაქში დადებითობის მაჩვენებელზე. მისივე თქმით, ვინაიდან აჭარაში მაჩვენებელი დაბალია, ღია სივრცის კაფე-რესტორნები გაიხსნება, დანარჩენ საქართველოს კი დააკვირდებიან.

"სარესტორნო ბიზნესს რაც შეეხება, ვიცი, რომ ძალიან სენსიტიური საკითხია, არაერთი შეხვედრა გვქონდა ჩვენ მათთან, პრაქტიკულად, ყოველდღიურ ონლაინრეჟიმში ვარ მათთან კონტაქტში, საერთო ჩატი გვაქვს შექმნილი და მათი გასაჭირი ძალიან კარგად ვიცით და გულთან ახლოს მიგვაქვს, მაგრამ ვინაიდან მიჩნეულია, რომ რესტორნები და კაფეები არის გადადების საფრთხის დამაგენირებელი ობიექტი თუნდაც იმის გამო, რომ აქ არ გამოიყენება პირბადე, აქედან გამომდინარე, დროში ავაცილეთ ჩვენ ერთმანეთს იგივე სავაჭრო ქსელისა და სარესტორნო სექტორის გახსნა.

მივდივართ ამ ნაბიჯზე აჭარაში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი არის დაბალი, 4%-ზე ნაკლები და იქ ღია სივრცეებში უკვე დაიწყებენ ფუნქციონირებას კაფეები და რესტორნები 1-ლი თებერვლიდან, რა თქმა უნდა, წესების დაცვით და შაბათ-კვირის გამოკლებით. შემდგომში უკვე ვიმსჯელებთ, დანარჩენ საქართველოში რა პერსპექტივებია ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგის პირობებში", - თქვა თურნავამ.