"შესაძლებელია კლასები დავყოთ..."

2021-01-26 18:30:23

სავაჭრო სექტორის გახსნის შემდეგ, რა თქმა უნდა, განიხილება განათლების სექტორის გახსნა, ვინაიდან, ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების უშუალო დასწრება სკოლებში - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, დიდ ქალაქებში სწავლის კლასებში განახლებისთვის სხვადასხვა მოდელზე მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები ერთობლივად მუშაობენ.

"სავაჭრო სექტორის გახსნის შემდეგ, რა თქმა უნდა, განიხილება განათლების სექტორის გახსნა, ვინაიდან, ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების უშუალო დასწრება სკოლებში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ერთდროულადაც გაიხსნას ეს ორი სფერო, თუმცა, ვინაიდან ეს არის მიმდინარე პროცესი, არ მინდა დავასწრო მოვლენებს და შევქმნა მცდარი მოლოდინები. განათლების სფეროში ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა კომპონენტებს, ეს იქნება ან ჰიბრიდული მოდელი, ან შეიძლება უბრალოდ დავყოთ შედარებით რისკიან და ნაკლები რისკის მატარებელ კლასებად. ასევე პრიორიტეტებად, სად არის საჭირო უშუალოდ ბავშვების კლასებში დასწრება, რასაც გადაწყვეტს განათლების სამინისტრო და ჩვენ ვიქნებით მათთან ერთად ჩართულები, რომ სკოლებმა მოახერხონ მაქსიმალური დაცვა, როგორც ბავშვის, ასევე პედაგოგების", - განაცხადა ტიკასრაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სკოლებში დასწრებულ რეჟიმში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით,  რეგიონებში შეფასდება ეპიდსიტუაცია და შეზღუდვების მოხსნაც ამის მიხედვით მოხდება.

„ჩვენ რეგიონები გვაქვს დაყოფილი წითელ და მწვანე ზონებად. აქედან გამომდინარე, ეს გახსნებიც იქნება ეტაპობრივი საქართველოს მასშტაბით და იქნება სხვადასხვა გრადაციის. ის რეგიონები სადაც ჩვენ მივუთითებთ რომ მწვანე ზონაა, ჩვენ გვექნება საშუალება იმის, რომ როგორც ეკონომიკური საქმიანობა, ასევე  განათლების კომპონენტი გაიხსნას, თუმცა რეგულაციების უმკაცრესი დაცვით, ყვითელ რეგიონებზე გვექნება სხვა მიდგომა და წითელ რეგიონებზე, რა თქმა უნდა, სხვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები