goexpress.ge ამანათების გადაზიდვის კომპანია

2020-01-20 18:22:48

რუსთაველი ახალგაზრდების წარმატებული სტარტაპი.

რუსთაველი ახალგაზრდების მიერ დაარსებულმა საკურიერო კომპანია „გოუ ექსპრესმა“, საქმიანობის დაწყებიდან სულ რაღაც 7 თვეში მოახერხა და კონკურენტებისთვის ანგარიშგასაწევი ძალა გახდა.

„გოუ ექსპრსი“  მომხმარებელს სთავაზობს დახვეწილ სერვისს და ხელმისაწვდომ ფასებს. აქვს მოსახერხებელი პორტალი - „თრექინგის“ ფუნქციით და რაც მთავარია რუსთავიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით შესაძლებელია იმავე დღის მიწოდების სერვისით სარგებლობა. პარტნიორი კომპანიების და ონლაინ გაყიდვებში ჩართული ფიზიკური პირების რიცხვი უკვე 500 აჭარბებს, მათგან რუსთაველების წილი დაახლოებით 20%.

„კომპანიის წარმატება კლიენტებისა და საქმისადმი პასუხისმგებლიანმა დამოკიდებულებამ განაპირობა“, ასე ფიქრობენ „გოუ ექსპრესის“ დამფუძნებლები "ინფო რუსთავთან" საუბრისას და პირველ გადადგმულ ნაბიჯებს იხსენებენ. „ბიზნესის კუთხით საკურიერო მომსახურების სფეროთი ჩვენი დაინტერესება ონლაინ გაყიდვებზე და ამანათების გადაზიდვებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. დავინახეთ ის ნიშა, რომელიც შეგვეძლო დახვეწილი სერვისის შეთავაზებით შეგვევსო. ასეც მოვიქეცით და შედეგმაც არ დააყოვნა. 2019 წელს მეგობრებმა დავაფუძნეთ ონლაინ მაღაზია. გაყიდული ნივთების ტრანსპორტირებას ერთ-ერთი საკურიერო კომპანია ახდენდა, თუმცა 2020 წლის მარტში ქვეყანაში დაწყებულმა პანდემიის პირველმა ტალღამ გამოიწვია საკურიერო კომპანიების გადატვირთვა. ვერავინ ახერხებდა დათქმულ ვადებში ამანათების მიწოდებას. გადავწყვიტეთ, საკუთარ კლიენტებთან თავად მიგვეტანა ამანათები. გავხდით ჩვენივე ონლაინ მაღაზიის კურიერები. სწორედ ამ დროს გაგვიჩნდა იდეა შეგვექმნა საკურიერო კომპანია, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებდა დახვეწილ სერვისს და იქნებოდა მარტივად ხელმისაწვდომი. კომპანიის კონცეფციის შესაქმნელად გამოვიყენეთ ონლაინ ვაჭრობის სფეროდან მიღებული გამოცდილება. ზუსტად ვიცოდით, რა სჭირდებოდათ ონლაინ მაღაზიებს და რისი შეთავაზება იქნებოდა მათთვის საინტერესო. კურიერის გამოძახების გასამარტივებლად აუცილებელი იყო შექმნილიყო პორტალი www.goexpress.ge რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემდა ონლაინ, დისტანციურად დაერეგისტრირებინა ამანათი. კურიერი კარიდან-კარზე პრინციპით, გამგზავნისგან წამოიღებდა ამანათს და ჩააბარებდა ადრესატს.
პორტალის შესაქმნელად დუბაიში არსებული ადგილობრივი კომპანია შეირჩა, რომელმაც ჩვენი ხედვები პროგრამულად მოარგო პორტალს და შესძინა ყველა ის ფუნქცია, რომელიც აუცილებელია თანამედროვე სამყაროში საკურიერო მომსახურების სფეროში საურთიერთობოდ.

პირველ ეტაპზე ამანათების მიწოდებას ვუზრუნველყოფდით თბილისის და მისი შემოგარენის მასშტაბით. გახსნიდან 1 თვეში რუსთავიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით ამანათების გადაზიდვის სერვისი დავამატეთ, რასაც რუსთაველებისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და პირველი კლიენტებიც მალევე შევიძინეთ. აღმოჩნდა ისე, რომ ძალიან ბევრი რუსთაველია დაკავებული ონლაინ გაყიდვებით და მათთვის მნიშვნელოვანია ამანათის სწრაფი მიწოდება, რასაც სხვა კომპანიები ვერ უზრუნველყოფდნენ. რუსთაველებს თბილისის მიმართულებით შევთავაზეთ იმავე დღის მიწოდების სერვისი. ასევე, შემდეგი დღის  და 3-4 სამუშაო დღეში მიწოდების სერვისები. შეთავაზებულმა სერვისებმა, ფასებმა და პასუხისმგებლიანმა დამოკიდებულებამ განაპირობა კლიენტების სწრაფი ზრდა", აცხადებენ კომპანიაში.

დამფუძნებლების თქმით 2021 წელი „გოუ ექსპრესისთვის“ კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება. დაგეგმილია მომსახურების არეალის გაზრდა და მალე რუსთავიდან არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებში „გოუ ექსპრესი“ უზრუნველყოფს თქვენი ამანათების გადაზიდვას.