სახალხო დამცველის საგანგებო განცხადება

2021-01-20 14:16:09

საქართველოს სახალხო დამცველის საგანგებო განცხადება პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

2020 წელს, საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებების მართვის მოდელი დაფუძნებულია პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე, სადაც ე.წ. „ციხის მაყურებლები“ ციხეებში უზრუნველყოფენ მოჩვენებით წესრიგს, რაც მიზნად ისახავს პატიმართა გაჩუმებასა და მათთვის პრობლემებზე საუბრის აკრძალვას.

აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებები იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან, რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა. კერძოდ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.