ამერიკაში მოქალაქეობის მიღება გამარტივდება

2021-01-19 13:10:53

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღებისთვის 8-წლიან პერიოდს შესთავაზებს.

უცხოური მედიის ცნობით, ბაიდენი ტრამპის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლას და ახალი საიმიგრაციო კანონპროექტის გამოქვეყნებას გეგმავს, რომელიც აშშ-ში იურიდიული სტატუსის გარეშე მცხოვრები პირებისთვის მოქალაქეობის მიღებას 8 წელში უზრუნველყოფს, ასეთი ამერიკაში მცხოვრები 11 მილიონამდე პირია.

კანონპროექტის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც 2021 წლის 1 იანვრის მონაცემებით, აშშ-ში ლეგალური სტატუსის გარეშე ცხოვრობენ, ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმების პროცედურების გავლის, გადასახადების გადახდისა და სხვა მოთხოვნებს დაკმაყოფილების შემთხვევაში დროებითი ლეგალური სტატუსის ან მწვანე ბარათის მოსაპოვებლად ხუთი წელი დასჭირდებათ. ამის შემდეგ მათ, მოქალაქეობის უფლებების მინიჭებამდე, სამწლიანი გზის გავლა მოუწევთ.

ზოგიერთი იმიგრანტისთვის პროცესი უფრო სწრაფი იქნება. ე.წ. მეოცნებეებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ბავშვობაში არალეგალურად ჩავიდნენ აშშ-ში, ასევე სოფლის მეურნეობის მუშაკებსა და დროებითი დამცავი სტატუსის მქონე პირებს შეეძლებათ უფრო სწრაფად მიიღონ მწვანე ბარათები, თუ ისინი მუშაობენ, სკოლაში არიან ან სხვა მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

უცხოური მედიის ცნობით, კანონპროექტს ჯო ბაიდენი მას შემდეგ წარადგენს, რაც ოთხშაბათს ფიცს დადებს. უცხოურ მედიაში ამბობენ, რომ ახალი პრეზიდენტი ამით ლათინოელი ამომრჩევლებისთვის და სხვა იმიგრანტი თემებისთვის მნიშვნელოვან ძირითად დაპირებას ასრულებს.