"კორონავირუსის ვაქცინით აუცილებლად ავიცრები"

2021-01-16 12:28:21

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მზადაა ქვეყანაში შემოტანილი კორონავირუსის ვაქცინით აიცრას. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"მე ავიცრები იმ კატეგორიაზე, რა კატეგორიაზეც ვაქცინის საჭიროება მექნება. არ ვისარგებლებ არანაირი პრიორიტეტით. გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად ვიცი, რა ხარისხის და რა სანდოობის ვაქცინაზე იქნება, აუცილებლად ავიცრები ამ ვაქცინით", - აღნიშნა ტიკარაძემ.

საქართველოს ვაქცინას თებერვალ-მარტში ელოდებიან. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსზე მოსახლეობის 60 პროცენტის აცრა იგეგმება. მისი თქმით, საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად აცრა მოსახლეობის სწორედ ამ რაოდენობას უნდა გაუკეთდეს. ამასთან, ვაქცინაცია 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებზეა გათვალისწინებული.

ჯანდაცვის მინისტრმა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი. Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას იყენებენ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ევროკავშირის ქვეყნებში. ის დამტკიცებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაც.