გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს

2021-01-15 13:15:00

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 199.7 მლნ აშშ დოლარი (656.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 15.9%-ით (27.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.0% მოდიოდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს. ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი – 40.71 მლნ აშშ დოლარი მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველოში სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე 31.82 მლნ აშშ დოლარით იტალიაა, შემდეგ მოდის საბერძნეთი – 22.42 მლნ აშშ დოლარით, მეოთხე ადგილზე 22.31 მლნ აშშ დოლარით აშშ-ია, ხოლო მეხუთეზე ისრაელი – 15.52 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, 2020 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.7 მლნ აშშ დოლარი (81.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის დეკემბერის (25.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.