თიანეთის რაიონის სოფელ ჯიჯეთში რძალმა მამამთილზე იძალადა. არსებული ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას მიზეზი ქონებრივი დავა, უფრო კონკრეტულად კი, სახლისა და ნივთის გაყოფის საკითხი გახდა.
როგორც ცნობილი გახდა, თიანეთის რაიონში რძალმა 96 წლის ვარდო თათარაშვილსა და მისი ადვოკატს სცემა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი მრავალი წელია გრძელდება, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთების ნახევარი მამაკაცის პირად საკუთრებაშია, ხოლო მეორე ნახევარი შვილის სახელზე ირიცხება. მოხუცის ვაჟსა და რძალს სრული ქონების თავიანთ საკუთრებაში გადატანა სურთ, რასაც ხანდაზმული ეწინააღმდეგება.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე იქამდე მივიდა, რომ მოხუცს ცხოველების სადგომში მიუჩინეს ადგილი, თუმცა, ცოტა ხნის წინ ორგანიზაციამ "ერთიანობა საქართველოსთვის" ის თბილისში, ქირით გადმოიყვანა.
,,ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
საინფორმაციო სააგენტოს უწყებაში ასევე დაუდასტურეს, რომ მამაკაცის რძალზე გამოწერილია შემაკავებელი ორდერიც. აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდებულის, მარინა ახალაურის განცხადებით, მოხუცი თავად ძალადობდა მასზე. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 96 წლის კაცი ბოსელში ცხოვრობდა, რძლის განმარტებით, მამამთილს იქ ცხოვრება მოსწონდა.