ვანდალური ფაქტი რუსთავში

2021-01-14 13:12:48

რუსთავში, უცნობმა პირებმა მე-8 საჯარო სკოლის ღობე დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

"ძალიან სამწუხაროა, როცა სამოქალაქო თვითშეგნება მინიმუმამდეა დასული და მსგავს ფაქტებს ვაწყდებით. აკაკი წერეთლის სახელობის რუსთავის მე-8 საჯარო სკოლის ღობის ნაწილი განზრახაა დაზიანებული. მსგავს ფაქტებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოყვება სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან.

მოვუწოდებთ ყველას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ იმ ყველაფერს, რაც მათთვის, მათი შვილებისა და ზოგადად, ქალაქის საკეთილდღეოდ კეთდება", - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის სკოლის დირექტორს ნინო ბეგაძეს დაუკავშირდა. როგორც ბეგაძემ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის უცნობია ვინ ან რა მიზნით დააზიანა ღობე.

"როცა ღობე კეთდებოდა, 2019 წელს, დასრულებულიც არ იყო, რომ რამდენჯერმე დაზიანდა. მაშინ მივმართეთ პოლიციას, რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში პატრულირებდნენ და დააკავეს ერთი პირი. მას შემდეგ აღარ დაფიქსირებულა ასეთი ფაქტი, თუმცა დილით რომ მივედი სკოლაში, ასეთი სერიოზული დაზიანება დამხვდა. წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ გააკეთა ეს", - აცხადებს ბეგაძე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები