დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე

2021-01-13 17:38:46

რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გურიაში ამ დრომდე გრძელდება. არსებული ინფორმაციით, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში, სადაც სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

სამართალდამცავები ადგილორბივ მუსლიმ და ქრისტიან მრევლს შორის დაპირისპირების განმუხტვას კორდონით ცდილობდნენ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ პოლიციის კორდონი გაარღვიეს მუსლიმებმა და ბუკნარის ცენტრისკენ დაიძრნენ, სადაც შეკრებილები ქრისტიანები არიან.

დაპირისპირების ადგილზე სიტუაცია კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბუკნარში გურიის გუბერნატორი ზურა ნასარაია და ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა ჩავიდნენ. როგორც ირკვევა, მუსლიმთათვის ის წინადადებები, რაც მათ ხელისუფლების წარმომადგენლებმა შესთავაზეს, მისაღები არ გახდა.

ინფორმაციისთვის, ბუკნარის მუსლიმთა თემი ითხოვს მეჩეთის აშენებას, სადაც ლოცვის უფლება ექნებათ, სოფელში მცხოვრები მართლმადიდებლების ნაწილი კი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

უთანხმოება, რომელიც ჩოხატაურში რელიგიურ ნიადაგზე წარმოიშვა, უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები