მთავრობის წარმომადგენლები ბაზრობების მფლობელებს ხვდებიან

2021-01-12 12:17:08

მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ბაზრობების მფლობელებს ხვდებიან. შეხვედრას „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელიაც დაესწრება. როგორც მან განაცხადა, კოვიდვითარებიდან გამომდინარე შექმნილ სიტუაციას გაგებით ეკიდებიან, მაგრამ „ასე გაგრძელება არ შეიძლება“.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ „ლილო მოლის“ ადმინისტრაციამ ბაზრობაზე მოვაჭრეებს sms-შეტყობინებები გაუგზავნა, რომლითაც აფრთხილებდნენ, რომ 18 იანვრიდან „ლილო მოლი“ წესების დაცვით გაიხსნებოდა და შაბათ-კვირის გარდა იმუშავებდა, მაგრამ როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

„ჩვენ იმ ინფორმაციით ვხელმძღვანელობდით, რომელიც გვქონდა, ამიტომ გავაფრთხილეთ დასაქმებულები“, - თქვა კვარაცხელიამ.

„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი ირწმუნება, რომ შეზღუდვებიდან გამომდინარე, მეიჯარეებს მაქსიმალურ შეღავათებს უწევენ.

შეგახსენებთ: წინასაახალწლოდ, “ლილო მოლმა“ 26 და 27 დეკემბერს მუშაობის უფლება ითხოვა, მაგრამ მთავრობისგან თანხმობა ვერ მიიღო.