ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა

2021-01-11 11:38:21

ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტი დღეს დატოვა, ამბობს, რომ სიღარიბე ობიექტური რეალობაა, მაგრამ ვერ მიიღებს იმ ბრალდებას, თითქოს სიღარიბე, ქართული ოცნების მმართველობის შედეგია. მისი თქმით, დღევანდელი სიღარიბე ათწლეულობით დაგროვებული პრობლემაა.

"დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს. მაგრამ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, ქართული ოცნების მმართველობის შედეგია. არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ — დღევანდელი სიღარიბე ათწლეულობით დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო. დღევანდელი სიღარიბე იმ უწყვეტი დაღმასვლისა და კატაკლიზმების შედეგია, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის განმავლობაში გამოიარა", — წერს ივანიშვილი მის მიერ გავრცელებულ საჯარო წერილში.

ივანიშვილი ამბობს, რომ მოახერხეს და შეაჩერეს ვარდნა, დასაბამი მისცეს პროგრესს და შეამცირეს სიღარიბე.

"რასაკვირველია, ყველაფერი ისე ან იმ ხარისხით არ გამოგვივიდა, როგორც ჩავიფიქრეთ და ყველა ერთად რომ ველოდით. სამწუხაროდ, ობიექტურ მიზეზებთან ერთად, იყო ხარვეზები და გადაცდომებიც. ქართველები, ძირითადად, ემოციური, მეოცნებე ხალხი ვართ და მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა, გულწრფელი ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან, ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფ გაუმჯობესებას ელოდა და იმედი გაუცრუვდა", — ამბობს ივანიშვილი.

11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილი პოლიტიკას ისევ ტოვებს. ის თვლის, რომ მისია შესრულებულია. ივანიშვილის თქმით, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება

"მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი", — აცხადებს ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეობას ოფიციალურად 2018 წლის გაზაფხულზე დაუბრუნდა.