პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.
ივანიშვილის წერილი პოლიტიკიდა წასვლის შესახებ პარტიამ გამოაქვეყნა.
"მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება.
ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები.
პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი",- ნათქვამია გავრცელებულ წერილში.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის პოსტი თავისი სურვილით დატოვა და როგორც თვითონ განაცხადა, სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა. ის პოლიტიკაში 2018 წელს დაბრუნდა და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.