მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2–თვიანი გეგმის თანახმად, 16 იანვრიდან ეკონომიკა ნაწილობრივ უნდა გაიხსნას. მათ შორის არის სავაჭრო ცენტრები, რომლებსაც გახსნის მოლოდინი აქვთ, თუმცა მთავრობაში ჯერ დადასტურებით არ ამბობენ, შევა თუ არა ძალაში ნოემბერში გამოცხადებული გადაწყვეტილება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ თქვა, რომ განიხილება მოდელი, რომლის თანახმად, შესაძლოა არასასურსათო სავაჭრო ობიექტები თანამშრომლებისთვის COVID-19-ზე ტესტების ჩატარების შემდეგ გაიხსნას.
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე ადასტურებს, რომ სავაჭრო ცენტრების გახსნა-არგახსნის საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის და საკითხი ეპიდვითარების შესაბამისად გადაწყდება.
განიხილება თუ არა თანამშრომლების ტესტირებების საფუძველზე მოლების გახსნა, ფერაძემ უპასუხა, რომ „გარკვეულ მოდელზე მუშაობა მიდის“.
„ვმუშაობთ სხვადასხვა მოდელზე, თუ როგორ უნდა გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და იმ კვირაში აქტიურად დავძრავთ ამ საკითხს. ჯერ გამიჭრდება ამაზე საუბარი. ორშაბათს შევხვდებით მოლების წარმომადგენლებს და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით ამ საკითხზე. ზოგადად, საბჭო მომდევნო კვირაში იმსჯელებს გახსნის საკითხზე, წარვადგენთ ჩვენს მოდელსაც და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება“, - ამბობს ფერაძე.