"მინდოდა პანდემიით დათრგუნული ხალხი გამეხალისებინა" [video]

2021-01-14 00:03:25

რუსთავის ქუჩებში საახალწლოდ მორთული ავტომობილის გამოჩენას საზგადოების მხრიდან დადებითი რეაქცია მოჰყვა. ყველა დაინტერესდა, ვინ არის ამ კრეატიული იდეის ავტორი. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა გაგაცნოთ ბიჭი, რომელმაც ქალაქის ქუჩებში სიხალისე შემოიტანა.

22 წლის დავით საზბანდიანი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტია, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს და პარალელურად "გლოვოს" კურიერად მუშაობს. ის რუსთავში დაიბადა და გაიზარდა, დაამთავრა რუსთავის #12 საჯარო სკოლა.

დავით საზბანდიანი ცნობილი "მინიონების ავტომობილის" მეპატრონეა და აღნიშნავს, რომ არაორდინალური, განსხვავებლი იდეების განხორციელება მისი ცხოვრების სტილია.

ავტომობილი საახალწლოდ პირველად შარშან, ხალხის გამხიარულების და სადღესასწაულო განწყობის შექმნის მიზნით მორთო. ახალგაზრდა აღნიშნავს, რომ იდეების თანამონაწილე მისი ძმა, არტურ საზბანდიანია.

"შარშან მოვინდომეთ შეგვექმნა მოსახლოებისთვის საახალწლო განწყობა. ჩვენ მოგვწონდა, ხალხსაც მოსწონდა, გვაჩერებდნენ, სურათებს და ვიდეოებს იღებდნენ ავტომობილთან. დაინახავდნენ თუ არა მანქანას, ყველა იღიმოდა, განსაკუთრებით ბავშვები იყვნენ ძალიან ემოციურები. გადავწყვიტეთ წელსაც მოგვერთო, რადგან ბევრი ჩვენი მეგობარი ელოდებოდა. უფრო მეტად კი იმიტომ გვინდოდა, რომ ამ პანდემიის პერიოდში, როცა უმეტესობას არ ჰქონდა საახალწლო განწყობა, რამენაირად შეგვექმნა ეს განწყობა და გაგვეხალისებინა ხალხი თუნდაც 10 წამის განმავლობაში", - უყვება 22 წლის ბიჭი "ინფო რუსთავს".

როგორც დავით საზბანდიანი აღნიშნავს, სამომავლო გეგმა უფრო ორიგინალურია და რუსთაველების მეტად გახალისებას ისახავს მიზნად.

რაც შეეხება მინიონებს, ბიჭი იხსენებს, რომ იდეა არაფრისგან გაჩნდა.

"იდეა არსაიდან გაჩნდა, თავიდან გვქონდა რამდენიმე სტიკერი და გადავწყვიტეთ დაგვეკრა ავტომობილზე, მერე ვნახეთ რომ ხალხს მოსწონდა და გადავწყვიტეთ სათამაშოებიც დაგვემატებინა. მაგ დროისათვის გვქონდა 2-3 მინიონი, მერე ნელ-ნელა დავამატეთ და მივიღეთ მინიონების არმია, რაც მოსახლეობას ძალიან მოეწონა", - ყვება ახალგაზრდა.

დავით საზბანდიანი ასტროფიზიკითაა გატაცებული. მოსწავლეები ჰყავს ფიზიკა-მათემატიკაში და სამომავლოდ ფიზიკის ფაკულტეტზე ჩაბარებასაც გეგმავს.

თავისუფალ დროს ყველაზე მეტად ელექტროტექნიკის შეკეთება და სამეცნიერო ლიტერატურის წაკითხვა ხიბლავს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები