სამების ეკლესიაში 65-მდე პირი კორონავირუსზე შეამოწმეს

2021-01-07 14:41:11

სამების ეკლესიაში მომსახურე 65-მდე პირი კორონავირუსზე შეამოწმეს, რომელთაგანაც ორს კოვიდ 19 დაუდგინდა.

საპატრიარქოს წმ. ილია და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის ვეფხია ოდიშარიას განცხადებით, მათგან ერთ-ერთს ვირუსი უკვე გადატანილი ჰქონდა, თუმცა ორივეს განმეორებითი ტესტირება უტარდება, რომლის პასუხები ჯერ უცნობია.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ორივე პირი იზოლაციაში იმყოფება და საშობაო ლიტურგიას არ დასწრებია.

„ტესტირება 65-ზე მეტ პირს ჩაუტარდა, ვინც მოგვმართა. ზოგი სტიქაროსანი იყო, ზოგი სასულიერო პირი. გიდასტურებთ, რომ ორ პირს განმეორებით უტარდება კორონავირუსზე ტესტირება. ერთ-ერთს უკვე ვირუსი გადატანილი ჰქონდა. ორივეს ტესტირება მეორდება. ჯერ ოფიციალური პასუხები არ არის, მაგრამ მაინც იზოლაციაში იმყოფებიან და შესაბამისი სამსახურები ეკონტაქტებიან. ჩვენს კლინიკაში არ არიან მოთავსებულები. როგორც მითხრეს, უსიმპტომო მიმდინარეობა ჰქონდათ. თავად მათთან შეხება არ მქონია. რომ არ მოგატყუოთ, სტიქაროსანია, დიაკვანი თუ მამაო, ეს არ ვიცი. ისინი სამებაში არ იმყოფებოდნენ. მათ ჩაუტარდათ როგორც სწრაფი ტესტი, ასევე PCR ტესტირება. სანამ ლიტურგია დაიწყება, მანამდე ტარდება ტესტირება. კორონავირუსზე ტესტირება პერმანენტულად ტარდება, არა მარტო სამების ტაძარში, არამედ ყველა ეკლესიაში“, - განაცხადა საპატრიარქოს წმ. ილია და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ვეფხია ოდიშარიამ.