გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ვირუსის ახალ შტამზე

2021-01-05 12:29:32

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლმა, ჟენევაში მოღვაწე პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ფეიბუქის პირდაპირი ეთერის საშუალებით ისაუბრა.

როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, ერთადერთი, რაც ახალი შტამის შესახებ დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ ახალი სახეობა უფრო აგრესიულია და სწრაფად ვრცელდება, თუმცა, გიორგი ფხაკაძის თქმით, დაზუსტებით ჯერჯერობით არავინ იცის, როგორ იმოქმედებს სიკვდილიანობაზე.

"სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ბევრი რაღაც არ ვიცით. ვჯერდებით, რომ ვირუსი, სამწუხაროდ, ნამდვილად ვრცელდება ძალიან აგრესიულად. სიტუაცია ბრიტანეტში არის საგანგაშო. ბოლო რამდენიმე კვირაა, პრაქტიკულად აფეთქებაა იქ. ყველა ვირუსს ახასიათებს მუტაცია, ევოლუციის პროცესია და ეს ნორმალურიცაა, რადგან მუტაციის შედეგად ვირუსები ქრებია. ასე ძალიან ბევრი ვირუსი გაქრა. არასაშიშები ხდებან და ამისი მაგალითები ჩვენ გვაქვს.

ახალი შტამი 50%-დან 70%-მდე უფრო გადამდებია. უფრო აგრესიულია, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ გვყავდა 1300 ინფიცირებული გარკვეულ პერიოდში, შეიძლება 10 000-მდე ძალიან სწრაფად ავიდეს, ძალიან მოკლე დროში. კი იძახიან, რომ სიკვდილობა ამ ვრიუსს არ აქვს, თუმცა ჯერ ეს არავინ არ იცის. რეალური ინფორმაცია არავინ იცის, ამას სჭირდება 3-4 კვირა. როცა ვინმე გარდაიცვლება, მისი ანალიზები უნდა გაკეთდეს ლაბორატორიაში. საქართველოში მაგას ვერ გააკეთებენ, სად გვაქვს მაგის ლაბორატორია, ეს უნდა გაკეთდეს ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ლაბორატორია და ჯანდაცვის სისტემაა.

ეს ვირუსი არის იგივე კოვიდი, რომელიც ძალიან ბევრ თქვენს ოჯახში შემოვიდა. ვიცით, რომ უფრო გადამდებია, სიკვდილობაზე მოქმედებს თუ არა ძლიერად, ამის პასუხი სინამდვილეში იქნება 3-4 კვირაში. მოკლედ, ახალი შტამი, ნამდვილად არის საშიში", - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

როგორც ფხაკაძე აღნიშნავს, ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთადერთი რეალური საშუალება სამედიცინო პირბადე და მისი სწორად მოხმარებაა.