საარსებო შემწეობას 510 343 ადამიანი იღებს

2021-01-04 16:32:28

საქართველოში საარსებო შემწეობას მთლიანი მოსახლეობის 13,7% იღებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველი მე-7 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეშია.

ამასთან, რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს, სადაც შემწეობას მოსახლეობის თითქმის ნახევარი (43%) იღებს. ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 8,3% იღებს.

2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საარსებო შემწეობას საქართველოს მასშტაბით 510 343 ადამიანი (142 870 ოჯახი) იღებს, რაც მთლიანი მოსახლეობის 13.7%-ს შეადგენს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 3 716 858 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, სადაც 29 080 ადამიანი ცხოვრობს, აქედან საარსებო შემწეობას 13 673 ადამიანი იღებს, რაც მოსახლეობის 43%- ს შეადგენს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთს მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი, სადაც მოსახლეობა 311 113 ადამიანია, აქედან შემწეობას კი 64 168 ადამიანი (19,4%) იღებს.

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობით, შემდეგია გურია. კერძოდ, აქ მოსახლეობა 108 099 ადამიანს შეადგენს, საიდანაც სოციალურ დახმარებას 21 548 ადამიანი (19,1%) იღებს.

შიდა ქართლში, სადაც 255.124 ადამიანი ცხოვრობს, სოციალურ შემწეობას 47 359 ადამიანი იღებს, რაც რეგიონის მოსახლეობის 17,9%-ია.

შიდა ქართლის შემდეგ შემწეობას ყველაზე მეტი ადამიანი მცხეთა-მთიანეთში იღებს. აქ სულ 93.343 ადამიანი ცხოვრობს, სოციალურ შემწეობას კი 16,5% (15 595 ადამიანი) იღებს.

მცხეთა- მთიანეთს მცირედით ჩამორჩება კახეთის რეგიონი, სადაც სოციალურ შემწეობას მოსახლეობის 16,3% იღებს. რეგიონში სულ 310.051 ადამიანი ცხოვრობს, შემწეობას კი 52 071 ადამიანი იღებს.

აჭარაში 351.892 ადამიანი ცხოვრობს, აქედან სოციალურ შემწეობას 15,1% (50 732 ადამიანი) იღებს. ქვემო ქართლში კი 434.241 ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც სოციალურ შემწეობას 13,6% (57 647 ადამიანი) იღებს.

სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობით, შემდეგია იმერეთი. რეგიონში სულ 486.983 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 12,4% (66 317 ადამიანი) კი, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

რაც შეეხება რეგიონებს, სადაც სოციალურ შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებია, ესენია სამცხე-ჯავახეთი და თბილისი.

პროცენტულად ყველაზე ცოტა ადამიანი, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებს, სამცხე-ჯავახეთშია. ამ რეგიონში 152.114 ადამიანიდან შემწეობას მხოლოდ 13,256 ადამიანი იღებს, ეს კი რეგიონის მოსახლეობის 8,3%-ია.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში სულ 1 184 818 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 107 977 ადამიანი იღებს სოციალურ შემწეობას, რაც თბილისის მოსახლეობის 9,7%-ს შეადგენს