"წაართვეს ტელეფონი, ჩუმად დაგვირეკა, მომკლავენო"

2021-01-03 00:24:27

თბილისში, "ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში" შუახნის მამაკაცის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. გარდაცვლილი ქუთაისის მკვიდრი, 58 წლის თეიმურაზ აბრამიშვილია.

როგორც გარდაცვლილის შვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტს რეანიმციულ განყოფილებაში მობილური ტელეფონი წაართვეს, მამაკაცმა კი ოჯახთან დარეკვა 2-ჯერ ფარულად მოახერხა.

მარიამ აბრამიშვილი საინფორმაციო სააგენტოს უყვება, რომ ფარული ზარის განხორციელების დრო მამამ სამედიცინო დაწესებულებიდან წაყვანა სთხოვა.

"ტელეფონი წაართვეს. მამაჩემი იყო ერთადერთი, ვინც რეანიმაციაში საღ გონებაზე იყო და არ უნდოდათ მას ჩვენთვის ეთქვა, რა ხდებოდა იქ. 3 დღის შემდეგ ჩუმად დამირეკა, იქიდან ექთანი ეჩხუბა, რატომ რეკავ, ვის ურეკავო, მაგრამ მოასწრო თქმა, რომ წყალი მწყუროდა და არ მომაწოდესო, მცივაო, არაფერს არ მიკეთებენო, მე არ ვიცი თქვენ მანდ რას გეუბნებიან, მაგრამ აქ სრული კოშმარია, საშინელებები ხდება და წამიყვანეთ, ნუ მომკლავთ ამ კლინიკაშიო. მკურნალმა ექიმმა ტელეფონის ნომერი დაგვიბლოკა. მერე დაველაპარაკეთ ლევან ბესელიას, რეანიმაციული განყოფილების გამგეს, რომელმაც ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზადო გვითხრა. შედეგ გაჩნდა ფილტვის პნევმონია, როცა რომ მივიყვანეთ ფილტვები სუფთა ჰქონდა. დედაჩემმა უთხრა, თუ მასეა წავიყვან სახლში, სახლში მაინც ვუყურებთ რამდენიმე დღეო. ხომ არ გაგიჟდიო, ზუსტად ამ სიტყვებით მიმართა დედაჩემს, ჩვენ აქ ვბრძოლობთ და რაღაც გამოგვივაო. არის უკეთესობა, ღირს მკურნალობაო ბოლოს ასეთი სიტყვებიც აქვს ნათქვამი", - აცხადებს მარიამ აბრამიშვილი.

გარდაცვლილის შვილი ასევე გვიყვება, რომ წერილი, რომელიც მას მამამ რეანიმაციიდან გამოუგზავნა, ექთანმა გაანადგურა.

"შევუგზავნე წერილი და გამოდის დამხმარე, წერილს წერს თავის ხელით და გამოგიტანო მეუბნება, გავიდა 10 წუთი, გამოდის ექთანი და ამბობს, რას ელოდები, აბრამიშვილის წერილი გადავაგდეო, არაადეკვატური არისო, როცა 5 წუთით ადრე მითხრა გამგემ, საღ გონებაზეაო. მამაჩემმა დაწერა იმ წერილში ის, რაც არ უნდა გამოსულიყო რეანიმაციის გარეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ან ზედმეტი დოზა გაუკეთეს რაღაც ან საერთოდ არ გაუკეთეს ის, რაც სჭირდებოდა, მამა მომიკლეს", - აცხადებს მარიამ აბრამიშვილი.

"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის კლინიკის რეანიმაციული განყოფილების გამგეს, ლევან ბესელიას დაუკავშირდა. სამედიცინო დაწესებულებაში ბრალდებებს უარყოფენ და აცახდებენ, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრები იტყუებიან.

"შემოსვლის წამიდან მათ ვუთხარი, რომ სამწუხაროდ პერსპექტივები არ არის მაღალი და ეს პაციენტი შეიძლება დაიღუპოს. მათ არ უთქვამთ, რომ სახლში წავიყვანთ, თუმცა, რომც ეთქვათ, რა თქმა უნდა, კატეგორიულად შევეწინააღმდეგებოდი და არ გავატანდი პატრულის ძალით. შემოსვლის წუთიდანვე ეს პაციენტი არაადეკვატური იყო, მას ტოქსიკური ენცეფალოპატია სჭირდა. ის ოჯახს ვერ მიაწვდიდა ინფორაციას, ტელეფონი ჰქონდა მხოლოდ ერთი დღე და ტყუილია, რომ მათ დაურეკა. რეანიმაციაში მწოლმა არაადეკვატურმა პაციენტმა ვის გამოართვა ტელეფონი და ვისგან დარეკა? სრული იურიდიული უფლება მაქვს, რეანიმაციაში მყოფ პაციენტს ჩამოვართვა მობილური ტელეფონი, მით უმეტეს, როცა პაციენტი არაადეკვატურია. ასევე ტყუილია თავიდან ბოლომდე ყველაფერი, რასაც ისინი ყვებიან", - განაცხადა ლევან ბესელიამ. 

ბესელიამ ასევვე აღნიშნა, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზე იყო და წერილს საერთოდ ვერ დაწერდა.

ინფორმაციისთვის, პაციენტი კოვიდუარყოფითი იყო და მას ვირუსით ინიფიცირება არ აღენიშნებოდა.