თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, გლდანში ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის დროს კიდევ ერთი დანაშაული გამოიკვეთა. მისი თქმით, მოპარულია 500 ტონა მილები, რომლითაც მუნიციპალიტეტს 200 000 ლარის ზარალი მიადგა.
"იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან მიმართებით გენერალურ პროკურატურაში გადაგზავნილია დოკუმენტაცია, შემდეგი მოკვლევის მიზნით. გარდა ამისა, გამოიკვეთა მეორე სავარაუდო დანაშაული. ის ძველი მილები, რომელიც იყო მიწაში განთავსებული და რომლის ამოღება მიხდა, დასაწყობებული იყო და ეს მილები აღარ არის, მოიპარეს. მოიპარეს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს იყო მუნიციპალიტეტის საკუთრება, აქ საუბარია 500 ტონა მილების დატაცებაზე, მინიმუმ, 200 000 ლარია აქ ზარალი მუნიციპალიტეტის", - თქვა კახი კალაძემ.
მისი თქმით, ამ საქმეზე აუდიტს მოკვლევა დასრულებული აქვს და ისიც გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცემა.
კალაძემ 9 დეკემბერს განაცხადა, რომ ხიზანიშვილზე, სადაც რეაბილიტაციის შემდეგ გზა ჩავარდა, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება და საქმეს გამოსაძიებლად პროკურატურას გადასცემენ. კალაძის თქმით, აღნიშნული პრობლემის გამო მერიის ბიუჯეტმა 85 000 ლარით იზარალა.